Google+

რელიზები

11.08.2012
მიხეილ სააკაშვილი ონის რაიონის სოფლებს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს რაჭაში იმყოფებოდა. ონის რაიონის ორ სოფელს ღებსა და ღარს მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან, სანდრა ელისაბეტ რულოვსთან და უმცროს შვილთან ნიკოლოზთან ერთად ესტუმრა.  

ქვეყნის პირველი პირი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, წყლისა და ბუნებრივი გაზის პრობლემა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოუგვარებელი იყო, უახლოეს პერიოდში გადაიჭრება. მან ასევე აღნიშნა, რომ რაჭის ყველა სოფელში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლებიც მოეწყობა, რომლებშიც მაღალკვალიფიციური მასწავლებლები იმუშავებენ. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება იმ პრიორიტეტებზეც გაამახვილა, რომლებზეც მთავრობა მუშაობს.

„აქ ახლა ვაკეთებთ წყლის სისტემას - 21-ე საუკუნეში არ შეიძლება ხალხს ეს პრობლემა ჰქონდეს; ვამთავრებთ გამრიცხველიანების პროცესს; წელს შემოდის აქ ბუნებრივი გაზი და ის პირველად აინთება შოვში... ძველ დროს ამაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა. ჩვენ ვაკეთებთ აქ სკოლებს, სადაც იქნებიან საუკეთესო, მაღალანაზღაურებადი მასწავლებლები. ამას გარდა, წელს სრული დატვირთვით ამუშავდება ბარიტის საბადო, მომავალ წელს კი ონში გაიხსნება ქარხანა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაჭაში შემოვა ინდუსტრია და ხალხი მთელი წლის განმავლობაში იქნება დასაქმებული და არა მარტო ტურისტული სეზონის დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. საქართველოში ყველა კუთხე-კუნჭულს აქვს ოქროს ფასი არა მხოლოდ საბადოებით, არამედ, უპირველესად, ხალხით, ბუნებითა და დიდი კულტურით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საკურორტო ზონების აღორძინების საკითხსაც შეეხო და ტურიზმის განვითარების გეგმებზეც ისაუბრა.  

„რაჭა ჩვენთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი, რადგან აქ განსაკუთრებით გონიერი, საინტერესო მშრომელი და პატრიოტი ხალხი ცხოვრობს და ყველა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ხალხი ბოლომდე გაიმართოს წელში... ჩვენ მოვიყვანეთ ეს გზა, უახლოეს დღეებში გაკეთდება შოვი-უწერის გზა, რათა კურორტები მთელ საქართველოში განვავითაროთ. კურორტები ჩვენთვის არის დასაქმება. ვინც რა არ უნდა თქვას, ეს ზოგადი პროექტები კი არა, კურორტების მთელი ქსელია. ჩვენ ავაღორძინეთ ბორჯომი, ახლა ვაშენებთ აბასთუმანს,  გავაკეთეთ საირმე, ვიწყებთ წყალტუბოს აღმშენებლობას, ამას მოყვება შაორი, შემდეგ შოვი და  უწერა და საქართველოში კურორტების ერთი დიდი რკალი შეიკვრება. ეს არის ძალიან კონკრეტული გეგმა. მიუხედავად იმისა, არჩევნებია თუ არა, ვიღაც ცდილობს, რომ არიოს საქართველოს პოლიტიკური თუ ჩვეულებრივი ვითარება. ჩვენ არ გვაქვს დრო, რომ ის ასეთ რამეებზე დავკარგოთ - ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაქვს ასაშენებელი. ამ ქვეყნის აღმშენებლობის უდიდესი გამოხატულება კი არის რაჭა. აქ საუკეთესო ხალხი ცხოვრობს და საქართველოს მთავრობისთვის რაჭა ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრი იქნება. იცოდეთ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში არ იქნება არც ერთი საათი, როცა ჩვენ, საქართველოს მთავრობა თქვენზე არ ვიფიქრებთ, თქვენზე არ ვიზრუნებთ და გაჭირვებას არ შეგიმსუბუქებთ. ჩვენი პასუხი ყოველგვარ აგრესიაზე იქნება აღმშენებლობა. ასე რომ, რაჭა საუკეთესოდ უნდა ავაშენოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

გამოსვლისას, პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ მისი მეუღლე დღეს ონის საავადმყოფოში იმყოფებოდა და დასძინა, რომ სამედიცინო სფეროსა და სადაზღვევო სისტემის სრულად ამოქმედება მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი იქნება. მან ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც მისი საპრეზოდენტო ვადის დასაწყისში ქვეყანაში მხოლოდ 25 ათასი დაზღვეული იყო.

"სანდრა დღეს ონის საავადმყოფოში იმყოფებოდა. ონის საავადმყოფო თითქმის ცარიელია, რადგან ვაუჩერები ჯერ არ ამოქმედებულა. როდესაც პრეზიდენტი გავხდი, საქართველოში მხოლოდ 25 ათასი ადამიანი იყო დაზღვეული, პირველი სექტემბრიდან კი 2 მილიონ 500 ათასი დაზღვეული გვეყოლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი ასჯერ გაიზარდა. თუკი ეს მაჩვენებელი გაორმაგდება, სამედიცინო თვალსაზრისით, საქართველოში ყველა ადამიანი იქნება უზრუნველყოფილი, დაცული და მიიღებს ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას. ეს იქნება კიდევ ერთი პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი წელში გასამართად, რათა ადამიანური პირობები შევქმნათ თითოეული ჩვენგანის ოჯახისთვის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)