Google+

რელიზები

15.08.2012
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტი, პირველ ლედისთან სანდრა ელისაბეტ რულოვსთან ერთად, იმერეთის რეგიონს ესტუმრა. პირველი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილმა თერჯოლის რაიონის სოფელ ახალთერჯოლის მცხოვრებლებთან გამართა. ადგილობრივებს მან ის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები გააცნო, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში გეგმავს. კერძოდ, პრეზიდენტმა დაზღვევის შესახებ ისაუბრა, რომელიც სექტემბრიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, პენსიონერებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ექნება. ქვეყნის პირველი პირი საპენსიო პაკეტის 100 დოლარამდე გაზრდის საკითხსაც შეეხო და იმ კონკრეტულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის განვითარებისთვის, ისე ადგილობრივთა დასაქმების მხრივ.

ახალთერჯოლის შემდეგ, მთავრობის მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები პრეზიდენტმა ზესტაფონის რაიონის სოფელ საზანოსა და მეორე სვირის მოსახლეობას გააცნო. მიხეილ სააკაშვილმა ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც საზანოს 9 წლის წინათ ოპოზიციის წარმომადგენლის რანგში ესტუმრა.  

„მთავარი პრობლემა მაშინ თქვენთვის ცუდი გზა იყო და საზანოში ახლა, საქართველოს დიდ სოფლებს შორის, ყველაზე კარგი ხარისხის გზა კეთდება. მე და სანდრა დღეს იმის თაობაზეც ვლაპარაკობდით, რომ  ზესტაფონში, ამ ულამაზეს რაიონში წარმოუდგენლად მაღალია გარემოს დაბინძურების ხარისხი. ამას ძალიან განვიცდი, რადგან ეს სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია. იმის გამო, რომ ქარხანა ინტენსიურად მუშაობს, ბოლო წლების განმავლობაში დაავადებათა რაოდენობა გაიზარდა. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ქარხანა მუშაობს და ხალხს ასაქმებს, მაგრამ აუცილებელია, მას უკეთესი პირობები შეუქმნან. უდავოდ კარგია ისიც, რომ ბიუჯეტში ფული შედის, მაგრამ არაფერი არ გვინდა, თუ ყოველივე ამის შედეგად ხალხი დაავადდა. ამიტომ, უახლოეს კვირებში ვაპირებ, რომ ზესტაფონში მთავრობის საგანგებო სხდომა მოვიწვიო და რაიონის განვითარების საკითხები განვიხილო. უპირველესად, ეკოლოგიას უნდა  მივხედოთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პირველმა პირმა მოახლოებული არჩევნების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ 1 ოქტომბერი გადამწყვეტი იქნება ქვეყნის შემდგომი განვითრებისთვის.

„2012 წლის არჩევნები ჩვენთვის არის რეფერენდუმი ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსულ მთავრობასთან დაკავშირებით. თუკი საქართველო დღეს უკეთესი ქვეყანაა, ვიდრე იყო 8 წლის წინათ და თუ გვინდა, რომ კიდევ უფრო უკეთესი გახდეს, მაშინ ხმა უნდა მივცეთ იმ კურსის გაგრძელებას, რომელიც არჩეული გვაქვს. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს მომავალი არავინ წაართვას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ადგილობრივებს ქვეყნის პირველმა ქალბატონმაც მიმართა და მათ საყოველთაო დაზღვევასა და ჯანდაცვის სფეროს განვითარებაზე ესაუბრა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)