საქართველოს პრეზიდენტი დღეს იმერეთის რეგიონს ესტუმრა. წყალტუბოსა და ბაღდათის სხვადასხვა სოფლებში გამართულ შეხვედრებზე, მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმებსა და ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ თუ სოციალურ პროექტებზე ესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობას მთავრობის სამოქმედო გეგმა გააცნო და ყურადღება იმ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გაამახვილა, რომლებიც ბაღდათსა და წყალტუბოში უახლოეს კვირებში დაიწყება.
მიხეილ სააკაშვილი იმ პრობლემებსაც შეეხო, რომლებიც რეგიონში ათწლეულების განმავლობაში იყო მოუგვარებელი. ამ საკითხებიდან ქვეყნის პირველმა პირმა სოფლებისა და ქალაქების გაზიფიკაცია, გამრიცხველიანება, ცენტრალური თუ შიდა საუბნო გზები, გარე განათება და სოციალური პროგრამები გამოყო. პრეზიდენტმა საყოველთაო დაზღვევაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ დაზღვეულთა რაოდენობა ქვეყანაში 100-ჯერ გაიზარდა და 25 ათასიდან 2 მილიონ 500 ათასს მიაღწია. ქვეყნის პირველმა პირმა ასევე ათასლარიანი ვაუჩერის მნიშვნელობასა და პენსიების ზრდის საკითხსაც შეეხო.
„1000–ლარიან ვაუჩერს ჩვენ ყველა ოჯახს ვაძლევთ, რათა აღარავის გაუჭირდეს დენისა და ბუნებრივი გაზის, ასევე სხვა კომუნალური გადასახადების გადახდა, რაც ბევრი ოჯახისთვის ჯერ კიდევ პრობლემაა. არის ისეთი ოჯახებიც, რომლებსაც ეს პრობლემა არ აქვს, თუმცა ეს ვაუჩერი ყველას გამოადგება. მომავალ წელს ყველა პენსიონერს ექნება 100-დოლარიანი საპენსიო პაკეტი. ამის გაკეთებას ბევრად უფრო ადრე დაგპირდით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კენჭს ვიყრიდი, მაგრამ მაშინ დაიწყო ომი, მსოფლიო კრიზისი და ათასგვარი სხვა უბედურება. 100-დოლარიანი საპენსიო პაკეტი და დაზღვევა ყველა პენსიონერს ექნება და ამით ძალიან ვამაყობ. დასაქმება ასევე დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით, 60-წლამდე ადამიანებისთვის. უპირველესად, ჩვენ ვაკეთებთ უმუშევართა აღრიცხვას, ყველა ოჯახში შედიან სოციალური აგენტები და თითოეული ადამიანი აუცილებლად უნდა დავასაქმოთ. მათ, ვისაც დავასაქმებთ, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეთ დაზღვევაც. თანდათან მივყვებით ყველაფერს, რათა საქართველოში ყველა იყოს სოციალურად დაცული“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თემასაც შეეხო. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, ხელისუფლება არასდროს აღარ უნდა დაბრუნდეს კორუმპირებული და კრიმინალი ჩინოვნიკების ხელში და საზოგადოებამ სამართლიანი არჩევანი უნდა გააკეთოს.
„ეს არჩევნები ჩვენთვის არის ასევე სიმართლის მომენტი. ძალიან ადვილია თქმა: მართალია, ამ მთავრობამ დაამარცხა კორუფცია - ევროპამ აღიარა, რომ ევროპაში ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა ვართ; მართალია, ამ მთავრობამ დაამარცხა კრიმინალი, ევროპელებისვე კვლევებით, ჩვენ ვართ ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა; მართალია, ამ მთვარობამ გააკეთა გზები, თუმცა ბევრგან ჯერ კიდევ გასაკეთებელია; ბევრგან, მათ შორის იქ, სადაც არასდროს ყოფილა, მიიყვანა ბუნებრივი გაზი და კიდევ მისაყვანია ბევრგან; მართალია, თანამედროვე სკოლებს აშენებენ, ყველა ბავშვს კომპიუტერს აძლევენ და უცხო ენებსაც ასწავლიან; მართალია, ახალ უნივერსტეტებს აშენებენ; მართალია, საქართველო მსოფლიო რუკაზე დამკვიდრდა - კარგია, რომ ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ მოდით, ახლა ესენი გავუშვათ და ვინმე უკეთესი მოვიყვანოთ, ხალხს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს და იქნებ, ვინმემ ამაზე უკეთესად გაუკეთოს რამე და მოგვხედოსო. ვითარება არის ძალიან კონკრეტული - ეს არის თითოეული ადამიანის არჩევანი. ის, რაც მე ჩამოვთვალე, უდიდესი შრომით, ბრძოლითა და ძალიან ბევრი მტრის გაჩენის ფასად მოვახერხეთ. 8 წლის წინათ ისეთი უიმედობა იყო, რომ ვერც კი წარმომედგინა, თუ ამ ჩამონათვალის ნახევარი მაინც გაკეთდებოდა. საზოგადოებამ დღეს საკუთარ თავს უნდა დაუსვას ძალიან კონკრეტული კითხვა: არის თუ არა საზოგადოება, მთლიანად საქართველო დღეს იმაზე უკეთესად, ვიდრე იყო 8 წლის წინათ? და თუ პასუხი დადებითია, მაშინ უნდა მოგვცეთ საშუალება, რომ კიდევ უფრო უკეთესი პირობები შევქმნათ და თითოეულმა ოჯახმა უფრო მეტი სარგებელი მიიღოს იმით, რაც უკვე ავაშენეთ. ხელისუფლება ისევ ქურდბაცაცებს, კორუმპირებულებს, კრიმინალებს არ უნდა ჩავუგდოთ ხელში. ის ხალხი, ვინ მოდის ნგრევის სიით, მას არ უყვარს საქართველო, ის ხალხი, ვინც თქვენთან მოდის ხმების მოთხოვნით და მოაქვს სია, როგორ უნდა ჩავბარდეთ თურმე ჩვენს მტერს - მას არ უყვარს საქართველო! ჩვენ კი არ უნდა ჩავბარდეთ, ჩვენ უნდა განვვითარდეთ, გავძლიერდეთ, წელში გავიმართოთ და ყველაფერს დავიბრუნებთ და ყველაფერს აღვიდგენთ. ამაში დარწმუნებული ვართ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
იმერეთში მიხეილ სააკაშვილი პირველ ლედისთან სანდრა ელისაბეტ რულოვსთან ერთად იმყოფებოდა.