Google+

რელიზები

22.08.2012
მიხეილ სააკაშვილმა გორდის მოსახლეობას ახალი პროექტის დაწყება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ხონის რაიონის სოფელი გორდის მოსახლეობას შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას იმ ახალი ტურისტული პროექტის დაწყება მიულოცა, რომელიც ოკაცეს კანიონის გარშემო ინფრასტრუქტურის განვითრებას ითვალისწინებს. მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, ქვეყნის პირველმა პირმა, სიმბოლურად, კაფსულაც ჩადო და განაცხადა, რომ ამ პროექტის მეშვეობით ხონის მოსახლეობას დასაქმების ახალი შესაძლებლობა გაუჩნდებათ.

„ჩვენ დღეს ვიწყებთ გორდის კანიონის მშენებლობას, ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ გორდი საქართველოს, კავკასიის, ევროპისა და მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდრებს ადგილს. ეს კანიონი მსოფლიო მნიშვნელობის სასწაულია. საქართველოში  ჩვენ ბევრი სასწაული გვქონდა, მაგრამ მათ ხალხის საკეთილდღეოდ ვერ ვიყენებდით. ჩვენ ხალხს ხელის გამართვა სჭირდება. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ოჯახია გაჭირვებული, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი არის დაუსაქმებელი, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი გავხდი, საქართველოში 120 ათასი ტურისტი თუ ჩამოდიოდა. შარშანწინ ტურისტების რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია, შარშან კი 3 მილიონი ტურსტი გვყავდა. წელს ეს მაჩვენებელი 4 მილიონს გადააჭარბებს, მომავალ წელს უფრო მეტი იქნება. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მთელ საქართველოზე უნდა გადავანაწილოთ“ - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

მისი თქმით საქართველოს რუკაზე ძალიან ბევრი ახალი ადგილი გაჩნდა. ადრე ძალიან ბევრმა არ იცოდა სად იყო ახალციხე ან ანკლია, ახლა კი ამ ადგილებს უამრავი ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა ის ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში უცხოელები დებენ სწორედ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას ხმარდება.

საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ წელს საქართველოს ბევრი რუსი ტურისტი ეწვია.

„ეს ადამიანები უკვე თავისუფალ ქვეყანაში ჩამოდიან. ჩვენ დამპყრობელთან არ გვინდა კავშირი, მაგრამ ხალხთან ურთიერთობის დიდი სურვილი გვაქვს.  ჩვენ გვსურს, რომ აღგვიქვამდნენ წარმატებულ ქვეყნად და არა როგორც მათ მიერ დაპყრობილ რაღაც ობიექტს. მჯერა, რომ რუსეთთან ურთიერთობას სახალხო დიპლომატიით აღვადგენთ. მან, ვინც ამბობს, რომ საქართველოს გზა უკეთესი ცხოვრებისკენ უთავმოყვარეობაზე გადის, ჩვენი ისტორია არ იცის. თავმოყვარეობით, განვითარებითა და ღირსებით, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევით, სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირებით მოვიგებთ ყველას, მათ შორის, დამპყრობელი ქვეყნის მოსახლეობის გულს, იმ დამპყრობლის, რომელიც დღეს ამდენ პრობლემას უქმნის საქართველოს და ჩვენი რეგიონების მოსახლეობას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გორდა ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო ადგილი გახდება.

ოკაცეს კანიონი ევროპაში ყველაზე მაღალი და რთულად მისასვლელი ადგილია, სადაც მოეწყობა კილომეტრამდე სიგრძის კიდული კონსოლური ბილიკი და გადასახედი პლატფორმა. აქვე აშენდება ვიზიტორთა ცენტრი, საგამოფენო დარბაზი და ინტერნეტკაფე. ეზოში მოეწყობა ეკოსაგანმანათლებლო ამფითეატრი, გაკეთდება ქვით მოკირწყლული ბილიკები, ეთნოგრაფიული საექსპოზიციო მოედანი და სხვა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)