რელიზები
03.07.2013
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღი - 27 ოქტომბერი - არასამთავრობო სექტორთან ერთად გადაწყდა
ქვეყნის პირველი პირის ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ანდრო ბარნოვმა მათი მოსაზრება და არგუმენტები მოისმინა. შეხვედრის დეტალები ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საქართველოს პრეზიდენტს გააცნო, რომელმაც გაიზიარა საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზება და თხოვნა და არჩევნების დღედ 2013 წლის 27 ოქტომბერი გამოცხადდა. მისი თქმით, ეს ოფიციალურადაც მალე გაფორმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ანდრო ბარნოვმა მედიასაშუალებებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გააცნო.
„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა არასამთავრობო სექტორის მართლაც გამორჩეულ წარმომადგენლებს. შეხვედრისას მადლიერებით აღვნიშნე კიდეც, რომ მათ სწორი განმარტებები გააკეთეს იმ ისტერიასთან დაკავშირებით, რომელიც, არარსებულ სამართლებრივ პრობლემებს შეეხებოდა. ვისაუბრეთ სულ სხვა არგუმენტებზე; საუბარი, ძირითადად, შეეხო მიგრაციას, ჩვენს უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს და იმას, თუ რამდენად იქნებოდა მათთვის მოსახერხებელი. ვუთხარი ჩემი არგუმენტები, ჩვენი მანამდელი არგუმენტები, რის გამოც მაინც გადაწყდა საბოლოო ჯამში ხუთშაბათს ამის დანიშვნა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც საზოგადოებას, საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს აქვს სწორი, ჩამოყალიბებული აზრი, არგუმენტები, იმისათვის, რომ რაღაც გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინონ. ცხადია, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენი შეხვედრის შემდეგ ვესაუბრე პრეზიდენტს და გადაწყვეტილება მივიღეთ ისეთი, როგორიც საზოგადოებას სურს - არჩევნები გაიმართება 2013 წლის 27 ოქტომბერს, კვირა დღეს და სულ მალე ამას ოფიციალურადაც გავაფორმებთ“, - განაცხადა ადმინისტრაციის უფროსმა.