რელიზები
14.06.2013
საქართველოს კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტები პრეზიდენტის მიერ პარლამენტში უკვე ინიცირებულია
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებულ პირთა და მათი ოჯახის წევრების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ფულადი პრემიის ოდენობის გაზრდისა და სახელმწიფო კომპენსაციის შემოღების საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა.
საქართველოს კანონებში "სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ" და "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" შესატანი ცვლილებების პროექტები, პრეზიდენტის მიერ პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებული პირები, დავით აღმაშენებლისა და ვახტანგ გორგასლის ორდებით დაჯილდოებულ პირთა მსგავსად, ისარგებლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სახელმწიფოს ხარჯზე სარგებლობისა და სახელმწიფოს ხარჯზე ჯანმრთელობის დაზღვევის უფლებით.
რაც შეეხება "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებული პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის შემოღებული იქნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც მინისტრისთვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით განისაზღვრება. ამასთან, დაჯილდოებული პირის გარდაცვალების, ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში, სახელმწიფო კომპენსაცია პირველი რიგის მემკვიდრეებს მიეცემათ. პროექტის თანახმად, თუ ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებული პირი, იმავდროულად, არის საჯარო მოხელე, მას სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება არ შეუწყდება.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებული პირებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიის ზრდას 5 ათასი ლარით და 10 ათასი ლარის ნაცვლად, ხდება 15 ათასი ლარი.