Google+

რელიზები

12.06.2013
საქართველოს პრეზიდენტმა სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, მათ სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

მიხეილ სააკაშვილმა მათ სიტყვით მიმართა და განათლების ხარისხის ამაღლების აუცილებლობაზე ისაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება იმ კანონპროექტზე გაამახვილა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამჟამად განიხილავს. ქვეყნის პირველი პირის თქმით, ამ კანონპროექტით, საფრთხის წინაშე დგება სახელმწიფო უნივერსიტეტების ავტონომია, ფუნდამენტურად შეიცვლება უმაღლესი სასწავლებლების მართვის მეთოდები და კადრების მიღებისა და შერჩევის წესი. როგორც მან აღნიშნა, მომზადებული ცვლილებები ძველი რეჟიმის, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კორუმპირებული სისტემის რესტავრაციას ისახავს მიზნად. საქართველოს პრეზიდენტმა დეპუტატებს მოუწოდა ფაქიზად მოეპყრონ აღნიშნულ საკითხს, რადგან კორუფციის დაბრუნებას განათლების სისტემაში, ახალგაზრდა თაობა და საქართველოს მომავალი გადაყვება.

„დღეს საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ფუნდამეტურად გადაიხედება სახელმწიფო უნივერსიტეტების ავტონომია, შეიცვლება სახელმწიფო უნივერსიტეტების მართვის წესი და სახელმწიფო უნივერსიტეტებში კადრების მიღებისა და შერჩევის წესი. სისტემა, რომელიც წინა წლებში გვქონდა, რა თქმა უნდა, არ იყო იდეალური, მას ჰქონდა ბევრი ხარვეზი, მაგრამ საკანონმდებლო დონეზეც და პრაქტიკაშიც ერთ-ერთი მონაპოვარი იყო უნივერსიტეტების დამოუკიდებლობა, კონკურენტული გარემო, განათლების ხარისხის გაზრდა და ქართველი სტუდენტების მომზადება საერთაშორისო ცოდნის ბაზრისთვის, კონკურენტუნარიან გარემოში მოსახვედრად. თუკი იმ სახით მივიღებთ ცვლილებებს, რა სახითაც ის ახლა არის, დავბრუნდებით 20 წლით უკან. ეს ცვლილებები,  ყოველგვარი ზედმეტი განმარტებების გარეშე, არის კორუმპირებული, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა განათლების სისტემის რესტავრირება 21 საუკუნის რეალობაში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა განათლების სისტემაში წინა წლებში განხორციელებულ რეფორმებსა და ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ საქართველომ სერიოზულ პროგრესს მიაღწია. მისი თქმით, წინსვლა შესამჩნევია როგორც მატერიალირ-ტექნიკური ბაზის, ისე სწავლების ხარისხის თვალსაზრისით.  

„2004-2006 წლის შემდეგ ჩვენ გაგვიჩნდა ნამდვილი, თანამედროვე, ქმედითი, ორგანიზებული უნივერსიტეტები, რომლებიც განათლების დონით სულ უფრო უახლოვდებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. ეს აღარ იყო ის უნივერსიტეტები, რომლებიც 90-იან წლებში, რეალურად,  სარდაფებში იხსნებოდა. ეს მართლაც იყო წინ გაკეთებული ნახტომი. ჩვენ ამ გზის მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით და იმედია, ყველაფერი გაგრძელდება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა სწავლის საფასურის შემცირების აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ამაში სახელმწიფომაც უნდა მიიღოს მონაწილეობა და საბანკო სექტორმაც უნდა დახვეწოს სისტემა, რათა ახალგაზრდებს სტუდენტური სესხების აღება შეღავათიანი პირობებით შეეძლოთ.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სწავლის გადასახადმა დაიწიოს მივესალმები იმას, რომ წარჩინებულ სტუდენტებს ეს გადასახადი უმცირდებათ, მათ შორის, ამ სასწავლებლების ინიციატივით, მაგრამ სახელმწიფომაც უნდა მიიღოს მონაწილეობა, რათა გადასახადი ბევრად უფრო შემცირდეს და სადაც შესაძლებელია, იქ უფასოც გახდეს. თუმცა,  ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ უფასოდ მსოფლიოში არაფერი არ არსებობს და ხარისხიანი განათლება - მით უმეტეს. საქმე ისაა, თუ ვინ იხდის ფულს - მთავარია, რომ ეს თანხა გადაიხადოს არა სტუდენტმა და მისმა მშობელმა, განსაკუთრებით კი - ნიჭიერმა, არამედ სახელმწიფომ და იმ კომპანიებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ ნიჭიერი ახალგაზრდების მიღებაში. ეს არის ის სისტემა, რომელიც უნდა შევქმნათ. ასევე უნდა დავხვეწოთ საბანკო სისტემა, რომელიც არა 16 და 17 პროცენტიანი კრედიტების აღების საშუალება მოგვცემს, არამედ ისეთი ტიპის სესხების, როგორიც არის განვითარებული საბანკო სისტემის ქვეყნებში და ხელმისაწვდომია თითოეული ახალგაზრდისთვის“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)