Google+

რელიზები

07.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში სამხრეთ კავკასიის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური ლიდერების პასუხიმგებლობებსა და ვალდებულებებზე ისაუბრა და ყურადღება სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს მაგალითები განიხილა და ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებულ ცვლილებებს შეეხო.

„სამწუხაროა, რომ პოლიტიკური საკითხების გადაჭრის გზად, 21-ე საუკუნეში ზოგიერთები ისევ ეთნიკურ წმენდას მიიჩნევენ. ჩვენი რეგიონი ძალიან ხშირად არის ძველი სიძულვილის ობიექტი და ასევე ხშირად ხდება ცინიკური თამაშების მსხვერპლი დიდი იმპერიისა, რომელიც კვლავაც რჩება ძველი სლოგანის ერთგული - გათიშე და იბატონე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან წინა მთავრობის მიდგომაზე ისაუბრა, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული კუთვნილების მიუხედავად, გაუჩნდა განცდა, რომ ქვეყანა ეკუთვნის მას და საზოგადოებას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მისი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და აღმშენებლობის საქმეში.  

„დღეს ჩვენი რეგიონი გზაჯვარედინზე დგას. ბოლო წლებში შეიცვალა პოლიტიკური ორიენტაცია. ჩვენი მოსახლეობის სურვილითა და ლიდერთა პოლიტიკური ნებით, ჩვენმა რეგიონმა დასავლეთისკენ აიღო გეზი. მაგრამ დღეს ვხედავთ ისტორიული მიმართულების ცვლილებას. ძალიან მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ ის სირთულეები, რომელიც შეიძლება განვითარდეს კავკასიაში. თუმცა ოპოტიმისტურად ვარ განწყობილი. მომავალში სამხრეთ კავკასია ერთიანი რეგიონი იქნება. სომხეთს დასჭირდება თანამედროვე კომუნიკაციები, ის ვერ იქნება იზოლირებული. დარწმუნებული ვარ შევძლებთ მის ინტეგრირებას ჩვენს უსაფრთხო და სტაბილურ ზონაში. ეს უნდა მოხდეს არა ცალმხრივი ნაბიჯებით, არამედ საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე, მაგალითად, არა იმით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ რკინიგზას ხელახლა გავხსნით და სტრატეგიულ ყარსი–ახალქალაქის რკინიგზის პროექტის გავანადგურებთ, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოს ინტერესებს შეესაბამება ის, რომ აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური კურსი შენარჩუნდეს და დესტაბილიზაცია არ მოხდეს, რადგან უკვე ვნახეთ, როგორ იმუშავა დამოუკიდებელმა ძალამ ჩემს ქვეყანაში. არავინ ელოდა პროცესების ასე განვითარებას, მაგრამ ეს მაინც მოხდა. საქართველო მყარი და სტაბილური ქვეყანა ჩანდა. ასეთივეა აზერბაიჯანიც და გვინდა, რომ მან აღებული კურსით იაროს. თუ ჩვენს რეგიონს გლობალური თვალსაზრისით განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ის არის იმედისმომცემი რეგიონი და კარი შუააზიისა და მთელი ახლოაღმოსავლეთისკენ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე გამოსვლისას. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)