Google+

რელიზები

02.02.2013
საქართველოს პრეზიდენტი რუსეთში არსებული ჯავახეთის დიასპორის განცხადებას გამოეხმაურა

მიხეილ სააკაშვილი რუსეთში მოქმედი ჯავახეთის დიასპორის განცხადებას გამოეხმაურა, რომელის მიხედვითაც ისინი სამცხე-ჯავახეთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის ამოქმედებას მოითხოვენ.   

„აჭარაში დიდი ხნის განმავლობაში ასლან აბაშიძე  სწორედ ამ თემით სპეკულირებდა. ახლა  ჩვენ თვალსა და ხელს შუა გვაპარებენ და გვინერგავენ ახალი სეპარატიზმის იდეას. ეს   ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია: აფხაზეთიდან რკინიგზის გახსნა საქართველოს გავლით სომხეთზე, რაც დღევანდელ ეტაპზე ძირეულად ეწინააღმდეგება ქართულ ინტერესებს. ასევე მეორე ფაქტი არის ის, რომ  ჩახალიანი გამოუშვეს ციხიდან. ახლა ის ისე გათავხედდა, რომ ყოველდღე აკეთებს განცხადებებს.  საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე უკვე დაიწყო შემოტევა. ახლა კი,  ე.წ თავისუფალი ეკონომიკური ზონის საკითხიც წამოწიეს.

ნებისმიერ ფასად მათ უნდათ, რომ შემქნან რაღაც სახის ადმინისტრაციული ერთეული ჯავახეთში. თავისუფალი ეკონომიკური ზონის იდეა არის ის, რომ შეიქმნას ერთიანი ადმინისტრაციული ერთეული და თუ ეს ასე მოხდება, მაშინ მოითხოვენ მისთვის ავტონომიას და ალბათ შემდეგი ეტაპი იქნება მისი დამოუკიდებლობა - საქართველოდან გამოყვანა.

ჩვენ გვსურს, რომ მთელი საქართველო განვითარდეს და ყურადღება იმაზე კი არ გავამახვილოთ, რომ მეცხრე ადგილზე ვართ ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, ან დავკარგავთ ამ პოზიციას. პირიქით, საქართველო ამ რეიტინგებში უნდა წავიდეს წინ, ყველგან იყოს სათანადო ეკონომიკური პირობები..

ადმინისტრაციული ერთეულის თავისუფალი ზონის სახით შექმნაზე, არ საუბრობენ სომხეთში მცხოვრები სომხები, არც სომხეთის მთავრობა. ამას ასევე არ ამბობს ადგილობრივი საზოგადოება, რომელსაც ჩვენ გავუკეთეთ ჰესები, ახალციხეში ავაშენეთ დიდი ტურისტული ცენტრი, რკინიგზას ვაშენებთ, გზები ავაშენეთ და მათ ნახეს განვითარების სარგებელი. ამას ამბობს რუსეთის ჯავახეთის დიასპორა. ეს ნიშნავს იმას, რომ ინიციატივა ისევ რუსეთისგან მოდის.

ზუსტად ისაა, რასაც ვამბობდით. ეს არის ერთი გეგმის ნაწილი, არის ერთი ჯაჭვი და საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს არ დაუშვას. ამაზე სხვათაშორის საუბარი და ამ თემის უგულებელყოფა არ გამოვა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)