Google+

რელიზები

01.02.2013
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები იყო. მიხეილ სააკაშვილმა უმრავლესობას კიდევ ერთხელ მოუწოდა თანამშრომლობისკენ და აღნიშნა, რომ ის მზად არის ითანამშრომლოს ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რომელიც აღნიშნული კანონის კიდევ უფრო მეტად დახვეწას შეუწყობს ხელს და ქვეყნის ინტერესებიდან იქნება გამომდინარე.

საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში პარლამენტში დაგეგმილი წლიური ანგარიშის შესახებაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ დებატები იქნება კონსტრუქციული და არ ჩაივლის კონფრონტაციულ ვითარებაში.

 „ვფიქრობ, საქართველოს პოლიტიკური პროცესები დღეს ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზეა. გუშინ პირველად აღიარა უმრავლესობამ, რომ მიუხედავად ხალხის დაპატიმრების მრავალთვიანი პროცესისა, რომლის საბოლოო მიზანი საქართველოში კონსტიტუციის შეცვლა და 100 ხმის მოპოვება იყო, მათ ეს ასი ხმა ვერ მოიპოვეს. მათ არა აქვთ საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტის შიგნით,  რათა ერთპიროვნულად შეცვალონ კონსტიტუცია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დეპუტატების ოჯახის წევრები დაკითხეს, საპარლამენტო ბიუროს ხელმძღვანელები დაიჭირეს, უახლოესი თანამებრძოლები დააპატიმრეს ან გირაოთი გაუშვეს, დააშინეს ან პროვოკაციები მოუწყვეს, ისინი არ გატყდნენ. ვიცი, რომ მათ ფულადი თანხაც შესთავაზეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ ჩვენ არც მთავრობაში ყოფნისას ვიღებდით ფულს და არც ოპოზიციაში არ ავიღებთ. იაშა შერვაშიძეების მსგავსი პიროვნებები ჩვენში ძალიან ცოტანი არიან. შეიძლება იაშა შერვაშიძეს დაუჭირო შვილი და დააშინო, მაგრამ ეს ცალკეული შემთხვევაა. საქართველოს პარლამენტის უმცირესობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან სერიოზული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არ იყიდება, რომელიც არ შინდება და რომელიც ამ ყველაფერზე რეაგირებს მხოლოდ მეტი სიმტკიცით და მეტი პოლიტიური გამძლეობით.

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გვინდა თანამშრომლობა. მე მინდა ვუთხრა პრემიერ მინისტრსაც და უმრავლესობასაც, რომ ჩვენი კონსტიტუცია დახვეწას საჭიროებს. ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ გუშინ თქვა, რომ ასეთი ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა ახლა არ არის. მაგრამ, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება, ეს უნდა მოხდეს 150 და არა 100 ხმით. როდესაც კონსტიტუციურ ცვლილებებს ეხება საქმე, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ და არა ცალკე აღებულმა რომელიმე ფრაქციამ ან ჯგუფმა. ჩვენ გვინდა თანამშრომლობა - მოდით გავხსნათ ფართო საკონსტიტუციო დისკუსია, ვიმუშავოთ და დარწმუნებული ვარ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს ქაოსი და არ გაიმარჯვოს კრიმინალმა, შევინარჩუნოთ ქვეყნის, პოლიტიკური კურსი და სუვერენიტეტი, აუცილებლად შევძლებთ საკონსტიტუციო ცვლილებაზე 150 ხმიანი კონსენსუსის მიღწევას.  

მაგრამ ეს იქნება სხვა სახის ცვლილება. არ მოხდება ისე, რომ ბათუმის საკრებულოში შიდა ინტრიგებით გადაწყვიტონ ის, რომ მოკლან ბათუმი და გაანადგურონ ეს ქალაქი - საქართველოს სიამაყე. ქუთაისიდან პარლამენტის გადატანით გადაწყვიტონ, რომ მოკლან ქუთაისი და მკვდარ ქალაქად აქციონ, როგორც ეს 90-იან წლებში იყო. კრიმინალების გამოშვებით თბილისი გადაიქცევა მკვდარ ქალაქად, როგორც გვემუქრებოდნენ 2009 წელს და ახლა ამ მუქარის განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ. ეს არ არის ის გზა, რომელსაც ჩვენ უნდა დავადგეთ.

ერთ კვირაში სიტყვით უნდა გამოვიდე პარლამენტში. მინდა, რომ ეს გამოსვლა არ იყოს კონფრონტაციული. მინდა, რომ დებატები იყოს კონსტრუქციული, რადგან ეს არ არის მორიგი ტრიბუნა, სადაც ერთმანეთს ნიშანი უნდა მოვუგოთ ან ერთმანეთზე გავიწიოთ. პირიქით, იქნებ რაღაც საკითხებზე გამოვნახოთ საერთო ენა. ყველაფერზე ვერ შევთანხმდებით, იმიტომ რომ უმეტესად ჩვენი შეხედულებები ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა. თუმცა, ვფიქრობ ის, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა შევინარჩუნოთ, ამაზე ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)