Google+

რელიზები

05.12.2012
საქართველოს პრეზიდენტმა გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ძნელაძე წარადგინა. შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა და მას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძის კანდიდატურა ქვეყნის პირველ პირსა და თავდაცვის მინისტრს შორის ერთობლივი კონსულტაციების საფუძველზე შეირჩა. ქვეყნის პირველმა პირმა ირაკლი ძნელაძეს მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, ამ თანამდებობდაზე დანიშვნით მას ძალზე საპასუხისმგებლო მისია ეკისრება.

მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სფეროს განვითარების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ თვალსაზრისით, არჩეული კურსი კვლავაც უნდა გაგრძელდეს. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია, ისევე როგორც ქვეყნის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის სფეროს უცვლელ პრიორიტეტად დაასახელა. ყურადღება მან სამხედრო რეფორმების გაგრძელების აუცილებლობის თაობაზეც გაამახვილა.    

„საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დღეს წარმოგიდგენთ საქართველოს გაერთიანებული შტაბის ახალ უფროსს, ბატონ ირაკლი ძნელაძეს. იგი ძალზე გამოცდილი ოფიცერია, სამხედრო კარიერა ბევრ თქვენთაგანთან ერთად გაიარა და მიღებული აქვს ძალიან კარგი განათლება - სწავლობდა ამერიკაში, გერმანიაში... ძალიან ბევრი აქვს ნამუშევარი გაერთიანებულ შტაბში, ასევე კონკრეტული სამხედრო მიმართულებების მხრივაც. გამოცდილება მიღებული აქვს დიპლომატიურ სამსახურებში მუშაობის თვალსაზრისითაც, რაც ძალზე მნიშველოვანია ჩვენი გაერთიანებული შტაბისთვის. იმ ვითარებაში კი, როდესაც ყველა ვცდილობთ გაერთიანებული შტაბის საქმიანობა პროგრესულად გაგრძელდეს, ვფიქრობ, ამ თანამდებობაზე ბატონი ირაკლის კანდიდატურა  იდეალურია. სერიოზული ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სწორედ ის წარმოგვედგინა ამ პოსტზე. გაერთიანებული შტაბის წინა უფროსთან გენერალ კალანდაძესთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ ეს გაუგებრობები მალე უნდა დასრულდეს. იგი ისევ დაიკავებს ღირსეულ ადგილს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და დაუბრუნდება თავის საქმიანობას, მაგრამ ამ მდგომარეობაში ჩვენ არ გვაქვს უფლება ემოციებს ავყვეთ, რადგან შეიარაღებული ძალები პოლიტიკური კონიუქტურის მიღმაა და უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანის პიროვნება ან თუნდაც უსამართლოდ შექმნილი იურიდიული პრობლემები. ჩვენ ვერ გავაჩერებთ შეიარაღებული ძალების განვითარებას. ამ საკითხთან დაკავშირებით, მე და თავდაცვის მინისტრმა ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გავუზიარეთ და მისი შეხედულებაც სწორედ ასეთია: ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა ნატო-ს მიმართულებით. ჩვენ გვქონდა რამდენიმე ეტაპი, ჯერ კიდევ 2004 წლამდე დაიწყო შეიარაღებული ძალების აღჭურვისა და წვრთნის ამერიკული პროგრამა,  2004 წლის შემდეგ შეიქმნა ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი სამხედრო ნაწილები, მოგვარდა შეიარაღების, საყოფაცხოვრებო და მატერიალური საკითხები. იანვარში პრეზიდენტ ობამას მოველაპარაკეთ, რომ დაიწყებოდა ჩვენი შეარაღებული ძალების აღჭურვის ახალი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს სახმელეთო დაცვას, შეეხება საჰაერო ძალებსა და ყველა იმ ნაწილებს, რომლებიც ყველაზე მეტად არის საქართველოსთვის აქტუალური. ე.ი. ჩვენი ჯარი მომზადდება არა მხოლოდ უცხოური ოპერაციებისთვის, არამედ ყველა ნაბიჯი გადაიდგმება ქვეყნის დასაცავად, იმისთვის, რომ საქართველოს შეიარაღებული ჯარები იყოს აღჭურვილი. ეს არის საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობის ახალი, ისტორიული ეტაპი. აქედან გამომდინარე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ყოველივე ამაში თქვენც  მონაწილეობდეთ, მნიშვნელოვანია, რომ არაფერი არ გაჩერდეს. ვფიქრობ, ძალიან დიდი გამოცდილება დაგროვდა და ვამაყობ, რომ ამ პროცესში მეც თქვენთან ერთად ვიყავი, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. 2008 წელს საქართველოს თავისუფლება, უპირველესად, ჩვენი შეიარაღებული ძალების გმირული წინააღმდეგობის გამო გადარჩა და ეს ყველამ კარგად ვიცით. ჩვენს ხალხს მომავალშიც უნდა ჰქონდეს შეიარაღებული ძალების იმედი. დარწმუნებული ვარ, ეს კურსი  გაგრძელდება. ვფიქრობ, თუკი რაიმე სირთულე შეიქმნა ბოლო ხანებში, თუნდაც ნატო-სთან მიმართებაში, აუცილებლად უნდა გადავლახოთ. ერთობლივი მუშაობით უნდა შევძლოთ ამ კურსის გაგრძელება. 2014 წელს ჩიკაგოში მორიგი, უფრო სწორად, ახალი გაფართოების სამიტი გაიმართება - ეს წელს, ჩიკაგოში გადაწყდა და იმედია, რომ ამ დროისთვის საქართველო კარგ ფორმაში იქნება საიმისოდ, რომ ნატო-ს გაფართოების შემდგომ ჯგუფში მოხვდეს. თუმცა პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, ეს, უპირველესად, სამხედრო რეფორმის შემდგომი გაგრძელების თემაა. ამიტომ, როგორც გენშტაბის უფროსს და თითოეულ თქვენგანს, ისე თავდაცვის მინისტრს ამ მიმართულებით მინდა წარმატებები ვუსურვო. როგორი მთავრობაც არ უნდა იყოს საქართველოში, როდესაც ხალხის მოწოდებაა კურსის გაგრძელება ნატო-სკენ და  ქვეყნის დაცვისკენ - ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის ხელშეუხებელი და წმიდათა წმინდაა, შეიარაღებული ძალები პოლიტიკის მიღმა უნდა რჩებოდეს და მუდმივად უნდა ადგეს უწყვეტი განვითარების გზას. ასეთი იყო ჩემი კურსი ყოველთვის, პირველივე დღიდან და ლოგიკურად, ასეც უნდა გაგრძელდეს  მომავალში. კიდევ ერთხელ მსურს მოგილოცოთ და გითხრათ, რომ ახლა ძალიან რთული პერიოდია და ძალიან რთული ფუნქცია გეკისრებათ, მინდა გისურვოთ წარმატება თქვენ ბატონო ირაკლი, თითოეულ თქვენგანს და ბატონ მინისტრს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელია მსახურობს. სხვადასხვა პერიოდში ის მსახურობდა J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტსა და სახმელეთო ჯარების სარდლობაში. ბოლო პერიოდში კი, იგი  საქართველოს თავდაცვის ატაშე იყო უკრაინაში, მოდლოვასა და ბელორუსიაში.

 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)