რელიზები
17.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი შიბლიანისა და თელავის სკოლებს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს საგარეჯოს რაიონის სოფელ შიბლიანში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილი ახალ სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. პრეზიდენტმა სკოლის შენობა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მსგავსი სკოლები საქართველოს ყველა სოფელში უნდა იყოს. მისი თქმით, მოზარდებს აქ კარგად სწავლის სტიმულიც ექნებათ და გამოცდების ჩაბარებაც ბევრად გაუადვილდებათ. შიბლიანის სკოლის პირველ გაკვეთილებს მიხეილ სააკაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად დაესწრო და მოსწავლეებსაც გაესაუბრა.
„არც ერთ სოფელში არ უნდა იყოს მოუწესრიგებელი სკოლა. აუცილებელია, რომ ყველა სკოლას ჰქონდეს გათბობის თანამედროვე სისტემა და სპორტული დარბაზები ან მოედნები“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
შიბლიანის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლა 130 მოსწავლეზეა გათვლილი და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი, აქვე მოეწყო ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, სააქტო დარბაზი და სხვა.
ქვეყნის პირველმა პირმა ახალი სასწავლო წლის დაწყება თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც მიულოცა. პრეზიდენტმა კომპიუტერებით აღჭურვილი მომავლის კლასი მოინახულა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს გაესაუბრა. პრეზიდენტის თქმით სკოლების განახლების პროცესი სწრაფი ტემპებით გაგრძელდება.
„თელავში ჩვენ მარტო ფასადებს კი არ ვაკეთებთ, ეს წელიწადი კახეთის წლად გამოვაცხადეთ და მთავარი ისაა, რომ გზები კარგია, ფასადები კარგია, საუკეთესო ახალი შენობები გვაქვს... ფაქტობრივად, ახლიდან აშენდა ქალაქი. მთავარია ასევე ჯანდაცვა და განათლება, ამიტომ კახეთში, ისევე როგორც მომავალი წლიდან სკოლების უმეტესობა მთელ საქართველოში, ყველა სკოლა ასეთი იქნება. აქ საავადმყოფოებიც საუკეთესო შენდება და პოლიკლინიკებიც. მარტო ცენტრალური ადგილები კი არ გალამაზდა, შიდა უბნებშიც შემოვიდა სილამაზე. საქართველოში წელს გავაკეთეთ 100-ზე მეტი სკოლა, მაგრამ ყოველ წელს დამატებით 700-800 უნდა გაკეთდეს. ასევე მითხრეს, რომ აქ ძალიან ბევრმა ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდები [სკოლაში 18 სერტიფიცირებული პედაგოგია]. იანვარში გამოცდები ხელახლა გაიმართება და ასე იქნება სულ - ეს ჩვეულებრივი პროცესია. საბოლოოდ, გამოცდებს პედაგოგთა უმეტესობა ჩააბარებს და ესეც დიდი სტიმულია იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ. ვიცი, რომ აქ ძალიან კარგი კოლექტივია და, ზოგადად, ძალიან კარგი სკოლაა. ასეც უნდა იყოს. თელავი საუკეთესო ქალაქი ხდება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას.