Google+

რელიზები

16.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეში დღეს რაბათის ციხის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. 

საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეში დღეს რაბათის ციხის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ მინისტრთან ერთად, ფეხით შემოიარა განახლებული რაბათის ციხე-ქალაქი, აღდგენილი ობიექტები დაათვალიერა და აქ შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა მე-9 საუკუნით დათარიღებული ტაძარიც მოილოცა, რომელიც რესტავრატორებმა ნანგრევებიდან აღადგინეს და მართმადიდებელ მრევლს პირვანდელი სახით დაუბრუნეს. 

ქვეყნის პირველმა პირმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ამ ადგილის მნიშვნელობაზე ესაუბრა. რაბათის ციხეს მან „აღმშენებლობის გვირგვინი“ უწოდა და ყურადღება საქართველოში დასრულებულ და მიმდინარე სხვა მშენებლობებსა და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გაამახვილა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აღდგენილი ციხე ახალციხეში უამრავ ტურისტს მოიზიდავს, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობის  პირობების გაუმჯობესების საწინდარი გახდება. მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას ახალი პროექტის შესახებაც ესაუბრა და განაცხადა, რომ რაბათის შემდეგ, გორის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომელთაგან უპირველესი სიღარიბის დაძლევაა. მიხეილ სააკაშვილი ტურიზმის განვითარების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ქვეყნის პირველმა პირმა ახალგაზრდობის როლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ ამ ახალგაზრდებმა უნდა გააგრძელონ ქვეყნის აღმშენებლობის შემდგომი პროცესი.  

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 7 ჰექტარზე გაშენებულ ისტორიულ ციხე-ქალაქს, რომელსაც ტოლერანტობის სიმბოლოსაც უწოდებენ, პირვანდელი იერსახე დაუბრუნდა. აღდგენილია  ეროვნული მნიშვნელობის ძეგლები: ქრისტიანული ტაძარი, მეჩეთი, მინარეთი და სინაგოგა, ჯაყელების სასახლე, ისტორიული მუზეუმი, ძველი აბანოები და ციტადელი. ამას გარდა, რაბათის ციხის ტერიტორიაზე ამოქმედდა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და ქორწინების სახლი; აქვეა სიყვარულის ხეივანი, ამფითეატრი, საგამოფენო დარბაზები, სასტუმროები, კაფე-რესტორნები, მარანი,  წყლის კასკადები და სხვა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)