Google+

რელიზები

15.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა რუსთაველებს თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დაწყება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მშენებლობა გახსნა და რუსთაველებს პროექტის დაწყება მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა მშენებლებსა და მეგზევეებს სიტყვითაც მიმართა და ამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტომაგისტრალი მნიშვნელოვნად შეამცირებს მანძილს ორ ქალაქს შორის - მგზავრობის ხანგრძლივობა 7 წუთამდე შემცირდება, ხელს შეუწყობს მოძრაობის განტვირთვას და უსაფრთხო გადაადგილებას. მისივე განცხადებით, ახალი გზა რუსთავში ინდუსტრიის  ვაჭრობის, ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საწინდარია, რაც, თავის მხრივ, ხალხის დასაქმებას უზრუნველყოფს.

„თანამედროვე ავტობანის ძირითადი ნაწილის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება და რუსთავის გასასვლელიდან თბილისის ცენტრი 7 წუთის სავალზე იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ავტობანი შემდეგ აზერბაიჯანის საზღვრამდე გაგრძელდება და ბაქო-თბილისის ავტობანს შეუერთდება, მართლაც ისტორიული მოვლენაა როგორც რუსთავისთვის, ისე თბილისისთვის. რუსთავში დაწყებული  პროცესები ინდუსტრიის, ვაჭრობის, ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და შესაბამისად, უფრო მეტი ხალხის დასაქმების საშუალებას მოგვცემს. ეს გზა არა მხოლოდ თქვენი დასაქმების წყაროა, ჩემო მეგობრებო, აქ დასაქმებული სპეციალისტების, არამედ ასჯერ და ათასჯერ მეტი ადამიანის, რუსთაველისა და თბილისელის დასაქმების შესაძლებლობა, რადგან ხდება ამ ორი განსხვავებული განსაკუთრებული ქალაქის ურთიერთშერწყმის ეფექტი და ახალი, სრულიად უნიკალური, აქამდე არნახული შესაძლებლობები ჩნდება თითოეული ჩვენგანისთვის. ვამაყობ, რომ ვარ ამ გზის დასაწყისის სათავეში და ვამაყობ, რომ მისი მშენებლობის ძირითადი ნაწილი დამთავრდება ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ აღმშენებლობის პროცესი და ეს  მხოლოდ ვადებს არ უკავშირდება. ჩვენ ვაპირებთ, რომ საქართველო შემდეგი წლების განმავლობაშიც ვაშენოთ! დღევანდელ დღეს დიდხანს ველოდი და ამიტომ, ძალიან ბედნიერი ვარ. ამ აღმშენებლობის დასაწყისი, მინდა, მივულოცო რუსთავის ხელმძღვანელობას, რამაზ ნიკოლაიშვილსა და მის სამინისტროს, თითოეულ რუსთაველს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამ გზის 17-კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელს, ხოლო პროექტი მთლიანად ორ წელიწადში დასრულდება. პირველ ეტაპზე, მოეწყობა 4 სატრანსპორტო კვანძი, აშენდება 6 ხიდი და 3 გზაგამტარი. ასევე მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები და დამონტაჟდება წყალგამტარი მილები. სამშენებლო სამუშაოებზე 2 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთა შორის, უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრები იქნება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)