რელიზები
13.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ცისანა ტატიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის სახალხო არტისტი, ოპერის სოლისტი ცისანა ტატიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ ხელოვანებს ცისანა ტატიშვილის დამსახურებაზე ესაუბრა და ყურადღება მის განსაკუთრებულ ნიჭზე გაამახვილა.
„მოგესალმებით, ჩვენი კულტურის ძალიან თვალსაჩინო მოღვაწეებს, ჩვენს დიდ დირიჟორებს, ჩვენი მუსიკალური ათწლედის ხელმძღვანელს და სხვა ღვაწლმოსილ ადამიანებს. ქალბატონ ცისანა ტატიშვილს არც წარდგენა ჭირდება საზოგადოებისთვის და არც განსაკუთრებული შექება, მით უმეტეს, მისი დამსახურებების ჩამოთვლა და ბიოგრაფიის გაცნობა. თუ კი ვინმემ იცის ქართული კულტურის მნიშვნელობა და მისი მასშტაბი მსოფლიო არენაზე, რა დონის ვარსკვლავები გვყოლია ისტორიულად და გვყავს დღეს, ერთ-ერთი პირველი სახელი, ყველას ცისანა ტატიშვილი გაახსენდება. ქლბატონი ცისანა ნამდვილი ვარსკვლავია ქართული და მსოფლიო კულტურის. ამიტომ ჩვენთვის წარმოუდგენლად დიდი პატივია ქართული სახელმწიფოს სახელით, მისთვის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ჯილდოს, იმ ორდენის გადაცემა, რომელიც მის ბრწყინვალებას შეესაბამება - ეს არის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი. როდესაც ეს ჯილდო შეიქმნა, თუ შეგეძლო ვინმეზე გეთქვა, რომ ეს ორდენი ვინმეს ერთ-ერთ პირველს უნდა გადასცემოდა, ეს სწორედ ქალბატონი ცისანაა. პირადად მე არასდროს არ დამავიწყდება თქვენი შესრულებული პარტიები. თქვენი ხმა ბავშვობიდან მახსოვს. როდესაც თქვენ გამოჩნდებოდით ხოლმე სცენაზე მთელი ყურადღება თქვენსკენ იყო მოპყრობილი, რადგან მართლაც განსაკუთრებული ნიჭი და ღვთივ ბოძებული წარმოუდგენელი ტალანტი გაქვთ. ამას ვერც კი გამოიმუშავებ - ასეთი უნდა დაიბადო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია შრომაზე, ადამიანობაზე, უდიდეს მოქალაქეობაზე... ასევე განსაკუთრებით, ხაზგასმით მსურს აღვნიშნო თქვენი ჭეშმარიტი პატრიოტიზმი, ნამდვილი მოქალაქეობა, განსაკუთრებულ ღირსება. უდიდესი სიამოვნებით გადმოგცემთ ამ ორდენს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი დავით საყვარელიძე, ცნობილი იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო და ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები, რომელთა შორის იყვნენ ვატო კახიძე, ნუნუ გაბუნია, ნანული აბესაძე, თენგიზ მუშკუდიანი, თამარ შენგელია და სხვები.