13.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ზესტაფონში ფერმერთა მომსახურების ცენტრი დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი ზესტაფონში დღეს ტექნიკური მომსახურების ცენტრს ესტუმრა, სადაც ახალი ტექნიკა და არსებული ლაბორატორიები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი იმ ფერმერებსაც შეხვდა, რომლებიც აგროტურში იღებენ მონაწილეობას და იმ ტექნიკურ თუ ლაბორატორიულ შესაძლებლობებს ეცნობიან, რომლებსაც მათ მომსახურების ცენტრი სთავაზობს. ქვეყნის პირველმა პირმა იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომლებიც მათთვის მეტად მნიშვნელოვანი ან პრობლემურია. პრეზიდენტმა ყურადღება მგავსი ცენტრების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მთავარია, ამ ცენტრების მეშვეობით ფერმერებმა და გლეხებმა ახალი ტექნოლოგიები აითვისონ და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. პრეზიდენტის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ შესაბამისი კონსულტაცია და ცოდნა ადგილზე, საკუთრი რაიონიდან გაუსვლელად მიიღონ.
„ჩვენ ახალი ტექნოლოგიები და ჯიშები გვჭირდება, მაგრამ ხალხს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ძველი ჩაანაცვლოს. ამიტომ უნდა დავაინტერესოთ, გრძელვადიანი კრედიტები ავაღებინოთ, ტექნიკა გავუიაფოთ, უნდა ვასწავლოთ კიდეც, რადგან ცოდნა მთავარია. ვიღაცას ჰგონია, რომ ცოდნა მხოლოდ ქარხანაში მომუშავე ადამიანს სჭირდება, არადა თანამედროვე მსოფლიოში ცოდნა სჭირდება ყველა იმ ადამიანს, ვინც მიწას ამუშავებს. სხვაგვარად არაფერი გამოვა - გაჭირვებას ვერ დავძლევთ. ჩვენ ხომ ვიცით, როგორ უჭირს ხალხს, განსაკუთრებით, მცირემიწიან ადგილებში. მაგალითად, იმერეთში ხალხს მცირე მიწის ნაკვეთები აქვს და წარმოუდგენლად დიდი გაჭირვებაა. მაგრამ იმ პატარა ნაკვეთსაც რაიმეს მოვუხერხებთ და შეიძლება იმას მაინც მივაღწიოთ, რომ საკვების პრობლემა მაინც არ ჰქონდეთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მათთან საუბრისას.
ზესტაფონის ფერმერთა მომსახურების ცენტრი იმერეთის რეგიონის შვიდ რაიონს ემსახურება, მათ შორის, ზესტაფონს, თერჯოლას, ბაღდათს, ხარაგაულს, ტყიბულს, ჭიათურას და საჩხერეს. ზესტაფონის ახლადგახსნილ ცენტრში 24 ადგილობრივი სპეციალისტია დასაქმებული. აქვე მოქმედებს ნიადაგის ანალიზის, კვების დაავადებების გამოკვლევის, ცხოველთა მოვლისა და თესლის ხარისხისა და შხამ-ქიმიკატების ანალიზის ლაბორატორიები.