რელიზები
12.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა გურჯაანში იუსტიციის სახლი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა გურჯაანში დღეს იუსტიციის სახლი გახსნა და რეგიონის მცხოვრებლებს ერთ სივრცეში გაერთიანებული გამარტივებული სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად, იუსტიციის სამინისტროს ბრენდი - იუსტიციის სახლები დაასახელა. ქვეყნის პირველი პირი იქვე მყოფ სტუდენტებსაც გაესაუბრა და ყურადღება სტუდენტთა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამაზე გაამახვილა. საქართველოს პრეზიდენტმა მათ ახალი სტუდენტური ბარათებიც პირადად გადასცა.
„მინდა ბიზნესის წარმომადგენლებს მივმართო - რაც მეტ ფასდაკლებას მივცემთ სტუდენტებს, მით უფრო მეტი გვექნება ბრუნვა, რადგან სტუდენტები ენთუზიასტები არიან და პატარა ფასდაკლებით უფრო მეტის მიღებას შევძლებთ. ახლა რკინიგზით სარგებლობას ნახევარ ფასად შეძლებენ, კინოთეატრებში 10-ლარიანი ფასდაკლება ექნებათ, სუპერმარკეტებში, მედიათეკებსა და სხვადასხვა საინფორმაციო მომსახურებაზეც შეღავათებს ვაწესებთ, მაგრამ მსურს, რომ სტუდენტურ ქარდს ყველა ბიზნესი დიდი სერიოზულობით მოეკიდოს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის სახლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ყურადღება გაეროს ჯილდოსა და ჰილარი კლინტონის შეფასებაზეც გაამაცვილა.
„ყველაზე ინოვაციური პროექტისთვის ჩვენს იუსტიციის სახლებს გაერომ მსოფლიო მაშტაბის პრემია მიანიჭა. ალბათ, ყველამ ნახეთ ისიც, თუ როგორი აღფრთოვანებული წავიდა ბათუმიდან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იუსტიცის სახლის დათვალიერების შემდეგ. ეს არის ყველაზე უფრო შორსწასული ხალხის მომსახურების იდეალი მსოფლიოს მაშტაბით და ამ მხრივ, ჩვენ მართლაც, ინოვაცია შევქმენით, რათა ხალხისთვის ცხოვრება გაგვემარტივებინა. ეს შენობა ქართველი არქიტექტორის დაპროექტებულია, ბევრიც უცხოელი სპეციალისტების შექმნილია. თუ დააკვირდებით, რადიკალების პირველი სამიზნეა შუშის ხიდი თბილისში, მეორე არის პარლამენტი და მესამე - იუსტიციის სახლი. თუმცა მათ იმედგასაცრუებლად, ჩვენ გავაგრძელებთ შენებას და ყოველივე ამის კეთებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროს ახალი პროექტის - ლიდერთა სახლის მუშაობის პრინციპითაც დაინტერესდა და ინფორმაცია იუსტიციის მინისტრის მოდგილისგან გიორგი ვაშაძისგან მოისმინა. სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებისა და სამოქალაქო აქტივობის ზრდისთვის, ახალგაზრდა ლიდერები მოსწავლეებს იუსტიციის სახლის სივრცეში საინტერესო და მრავლფეროვან აქტივობებს შესთავაზებენ.