რელიზები
11.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებს ახალი ბარათები „გაიმარტივე ცხოვრება“ გადასცა
საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთში, იუსტიციის სახლში სტუდენტებს შეხვდა და მათ სტუდენტური ფასდაკლების ბარათები გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა მათ ბარათის კონცეფცია და ის შესაძლებლობები გააცნო, რომლითაც თითოეული მათგანი მნიშვნელოვნად გაიმარტივებს ცხოვრებას. პრეზიდენტის თქმით, ბარათის მეშვეობით, სტუდენტები სხვადასხვა სახის ფასდაკლებით ისარგებლებენ სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო კომპანიებში, ტრანსპორტით მგზავრობისას (რკინიგზა, მეტრო, ავტობუსი), ინტერნეტითა და მობილური ტელეფონებით სარგებლობისას, კომპიუტერული ტექნიკის შეძენისას, კულტურულ და გასართობ (კინო, თეატრი, მუზეუმები, წიგნის მაღაზიები და სხვა) ცენტრებში, კვების ობიექტებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში, ასევე სხვადასხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებსა და კომპანიებში. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვინაიდან ბარათს ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, მისი მფლობელები ყველა მიმართულებით იქნებიან პრივილეგირებული. ქვეყნის პირველმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ სტუდენტებისთვის კიდევ ბევრი შეღავათის დაწესება იგეგმება. მისი თქმით, მომავალ წელს რეგიონების წარჩინებული სტუდენტებისთვის შემოიღებენ სტიპენდიების სისტემასაც, რათა დაცული იყოს სოციალური სამართლიანობის პრინციპი.
ქვეყნის პირველმა პირმა სტუდენტური დასაქმების პროგრამაზეც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს ეს პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება და თუკი წელს ძირითადი დამსაქმებელი სახელმწიფო სტრუქტურები იყო, მომავალ წელს უფრო აქტიური ბიზნესსექტორი იქნება.
პრეზიდენტმა განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებაც ისაუბრა და ყურადღება უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების ახალ სისტემაზე გაამახვილა. იგი მასწავლებელთა სერთიფიცირების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამიერიდან, სერტიფიკატების აღებას პედაგოგები იუსტიციის სახლებში შეძლებენ.
ახალი პროგრამა - „გაიმარტივე ცხოვრება“ პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდება და ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს ფასდაკლების ბარათით სარგებლობის შესაძლებლობა უკვე 2012 წლიდან აქვთ. სტუდენტური ფასდაკლების ბარათი პროექტში ჩართული ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისთვის უფასო იქნება და სტუდენტები მას იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში აიღებენ.