Google+

რელიზები

21.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ჩიკაგოს ნატო-ს სამიტზე გენერალური მდივნის პირადი მოწვევით იმყოფება, სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ორდღიანი სამიტის ფარგლებში, საქართველო ყველა ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობდა და წარმოდგენილი იყო  ISAF-ის ფორმატის შეხვედრაზე  ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სახელმწიფოებთან ერთად (28+ISAF); ასევე ნატო-ს მომავალ წევრებთან შეხვედრაზე (28+4) და ძირითად პარტნიორებთან შეხვედრაზე (28+13), რომელზეც საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან. ქართული მხარე წელს პირველად დაესწრო ISAF-ის ფორმატის შეხვედრას, რომელშიც  ნატოსა და ISAF-ის პარტნიორი ქვეყნების 60-მდე ლიდერი მონაწილეობდა. 

ნატო-ს 28 წევრი სახელმწიფოსა და ოთხი პარტნიორი (ასპირანტი) ქვეყნის შეხვედრაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს დაუთმო. მან კიდევ ერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო მდივანმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის, დადებითად შეაფასა ქვეყანაში განხოციელებული დემოკრატიული რეფორმები და აღნიშნა, რომ საქართველო სრულად იზიარებს ნატო-ს დემოკრატიულ ღირებულებებს.

„ეს უნდა იყოს ბოლო სამიტი, რომელზეც ნატოს გაფართოება არ მოხდება. ჯარის რაოდენობის მიხედვით, საქართველო ავღანეთის ISAF-ის მისიაში მონაწილე რიგით მეორე არაწევრი ქვეყანაა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს სამშვიდობო ოპერაციაში და ამისთვის მას მადლობას ვუხდით. საქართველოში განხორციელდა დემოკრატიული რეფორმები, მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები კი, ამ ქვეყნისთვის დამატებითი შესაძლებლობაა მსოფლიოს აჩვენოს ის, რომ იგი ნატოს დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია. ჩვენ მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მივესალმებით საქართველოს დაპირებას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე და რუსეთს მოვუწოდებთ გადადგას შემხვედრი ნაბიჯი. ასევე, მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომ პერიოდში მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

საქართველოსა და ასპირანტი ქვეყნების სამიტის მუშაობაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე საკუთარ გამოსვლაში ყურადღება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ გაამახვილა.  

„საქართველო, მაკედონია და მონტენეგრო მიისწრაფვიან ნატოს წევრობისკენ. მათ უკვე განსაკუთრებული ადგილი აქვთ ალიანსის პარტნიორებს შორის. დღევანდელი შეხვედრა მოწმობს იმას, თუ რამდენად მჭიდროა კავშირი ამ ოთხ სახელმწიფოსა და ნატოს შორის და რამდენად დიდია სურვილი უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ საერთო ფასეულობები გვაქვს და მხარდამხარ ვმსახურობთ ნატო-ს ოპერაციებში. ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ მათ გახდნენ ნატოს წევრი ქვეყნები“, - განაცხადა ალექსანდრე ვერშბოუმ.

ჩიკაგოს ნატოს სამიტის ფარგლებში მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც უშუალოდ საქართველოს სრულად შეეხება სამი პუნქტი, ხოლო კიდევ ორი პუნქტი მთლიანად რეგიონს ეთმობა, რომელშიც, თავისთავად, საქართველოცაა მოხსენიებული. დეკლარაციაში ოფიციალურად პირველად ჩაიწერა იმის თაობაზე, რომ საქართველო არის ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა,  ალიანსი რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული და საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილებისა და შემდგომში მიღებული გადაწყვეტილებების ყველა ელემენტს. მივესალმებით საქართველოს პროგრესს, რომელსაც მან ბუქარესტის სამიტის შემდგომ პერიოდში მიაღწია, რათა რეფორმების, წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებისა და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ალიანსთან აქტიური პოლიტიკური ჩართულობის გზით,  სისრულეში მოიყვანოს  ევროატლანტიკური მისწრაფებები“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

ნატოს წევრები პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებით და პრაქტიკული თანამშრომლობით საქართველოსთან კავშირის გაფართოებაზეც შეთანხმდნენ. დოკუმენტში ალიანსი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და 2009 და 2010 წლების სამიტების ორი დეკლარაციის მსგავსად, კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს „გააუქმოს საქართველოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების აღიარება“.

ნატო ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეებს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი და ეუთოსთან, გაეროსა და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით ხელი შეუწყოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. დეკლარაციაში გამოხატულია ნატო-ს ოფიციალური  პოზიცია - ალიანსი „შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების ზრდით“ და კვლავაც მოუწოდებს რუსეთს კონფლიქტის ზონებში „ჰუმანიტარული დახმარებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების თავისუფალი შესვლა უზრუნველყოს“.  

დეკლარაცია ასევე გამოხატავს ნატოს წევრი ქვეყნების მადლიერებას „ევრო–ატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს, როგორც ISAF-ის სამხედრო ძალების მეორე მსხვილი ნატოს არაწევრი კონტრიბუტორის, მნიშვნელოვანი წვლილის გამო“.

"ეს ახდენს საქართველოს ერთგულების დემონსტრირებას ალიანსის უსაფრთხოების საერთო მიზნების მიმართ," - აღნიშნულია დოკუმენტში. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)