Google+

რელიზები

14.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა დარიალის ხეობაში მშენებარე ჰესები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს დარიალის ხეობაში იმყოფებოდა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან, ალექსანდრე ხეთაგურთან ერთად „დარიალიჰესზე“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მიხეილ სააკაშვილმა „დარიალიჰესის“ გვირაბის მშენებლობაში სიმბოლური მონაწილეობა მიიღო და ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე საათში ერთხელ გვირაბზე სამუშაო ჯგუფები იცვლება. პირველი პირის თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება აუცილებელია, რაც საქართველოს ახალ სამუშაო ადგილებთან ერთად დამატებით შემოსავალს მოუტანს.

 „ახლა გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ მთელი მსოფლიოს ჰესების დანადგარები ავითვისოთ და შემდეგ თავადვე ავაშენოთ ისინი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველო ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით მეორე ქვეყანაა ევროპაში. ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ და ბევრი მშენებლობა წამოვიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში აფრიკის, აზიისა თუ ოკეანიის ქვეყნებში ჩვენ ჩავალთ და იქაც ჰესებს ავაშენებთ. 

ჩვენ არ ვართ ჩამორჩენილი, მესამე მსოფლიოს ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ტრადიცია და განათლების სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სპეციალისტების მომზადება. ყველგან ქართველები უნდა დავასაქმოთ. ჩვენ კიდევ რამდენიმე ჰესის აშენებას ვგეგმავთ. გზაში ვუყურებდი გაზის მილს, რომელიც რუსეთიდან შემოდის. წარმოიდგინეთ, მთელი საქართველო ამ მილზე რომ იყოს დამოკიდებული, მუდმივ შიშში ვიქნებოდით - როდის აგვიწევდა რუსეთი გაზზე ფასს და როდის რას მოიფიქრებდა. ჩვენგან განსხვავებით, დღეს მთელი ევროპა ამ მილზეა დამოკიდებული. დიდი განვითარება მხოლოდ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი. საქართველოს არ აქვს გაზი და ნავთობი, მაგრამ აქვს ჰიდრორესურსები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკურად დამოუკიდებლები ვიყოთ. ყველა ეს პროექტი 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმის მიხედვით განხორციელდება, ეს პროცესი შეუქცევადი იქნება და აუცილებლად დასრულდება. „დარიალიჰესის“ აშენების შემდეგ ამ რეგიონს ელექტროენერგიის პრობლემა აღარ შეექმნება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდეტნმა.

ელექტროსადგური „დარიალიჰესი“ ყაზბეგში, მდინარე თერგზე მდებარეობს და მისი მშენებლობა კომპანიამ Darial-Energy 2011 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ჰესის დადგმული სიმძლავრე 109 მგვტ–ია, ხოლო წლიური გამომუშავება 521 მლნ კვტ/საათს შეადგენს.

ჰესის მშენებლობაზე 150 ადამიანია დასაქმებული და პროექტში 135 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ახალი ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2014 წლის გაზაფხულზე შევა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ ჰიდროელექტროსადგურ „ლარსიჰესზე“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

„არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს. თავის დროზე ჩვენ რომ „ხუდონჰესი“ აგვეშენებინა, ამ ჰესიდან ას მეტრში მყოფი ქვეყანა 90-იანი წლებიდან მოყოლებული ვერ დაგვაშანტაჟებდა. ჩვენ დიდი დრო დავკარგეთ, რადგან ამ პერიოდში არაფერი შენდებოდა. 90-იანი წლების განმავლობაში მეცხრე ბლოკზე ვიყავით დამოკიდებული და არ ვიცოდით, როდის გაითიშებოდა, ჩაირთვებოდა ან აფეთქდებოდა.  იმდენად სწრაფად მიდის ეკონომიკის განვითარება, რომ 2015 წლამდე თუ ამ ჰესების მშენებლობას არ დავასრულებთ, შესაძლოა, ელექტროენერგიის  დეფიციტი შეგვექმნას.

უპირველეს ყოვლისა, მშენებლობები ხალხის დასაქმებას უწყობს ხელს. მხოლოდ ამ მშენებლობაზე 300 კაცი მუშაობს, რომელთაგან ნახევარი ადგილობრივი მოსახლეა. რეალურად, აქ უკვე იქმნება მუშახელის დეფიციტი. უცხოელებთან ერთად ქართველებიც მუშაობენ და ახალ ტექნოლოგიებს სწავლობენ. რაც უფრო მეტს ვისწავლით და გავაკეთებთ დამოუკიდებლად, უცხოელების დახმარებაც აღარ დაგვჭრდება. საქართველოში რამდენიმე ჰესი და ბევრი საწარმო აშენდება, სადაც ხალხი დასაქმდება. ჩვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენვე უნდა გავაკეთოთ. ხელი უნდა გავანძრიოთ და ჩვენვე ვაშენოთ ჰესები. ენერგეტიკულად მტრულად განწყობილ ქვეყნებზე აღარ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. ყველაფერი თავად უნდა შევქმნათ  და განვავითაროთ. სხვა გამოსავალი არ არის. აქ მომუშავე ადამიანები საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ქმნიან. თანამედროვე მსოფლიოში კი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ზოგადად სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მთავარი საფუძველია. ამის გარეშე ჩვენ მუდმივად საფრთხის წინაშე ვიქნებით.

ყაზბეგში კიდევ ბევრი სხვა რამ კეთდება. ადრე რუსებს გაჰყავდათ ჩვენს მთებში გვირაბები, რათა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ძირი გამოეთხარათ. ახლა კი ჩვენ ვთხრით გვირაბებს იმისათვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გავაძლიეროთ. მე ვსაუბრობ როკის გვირაბზე, რომელიც მთებში იმისათვის ააშენეს, რომ საქართველო ვერასოდეს ყოფილიყო დამოუკიდებელი, მუდმივად საფრთხის ქვეშ ყოფილიყო  და თავისუფლება არ გვღირსებოდა. ახლა ჩვენ ვთხრით ჩვენსავე მთებს იმისათვის, რომ თავზე მოხვევა ვეღარასდროს ვეღარავინ შეძლოს. მაგალითად, ის, რასაც მთელს ევროპას უკეთებენ. მოდით, ვთქვათ, რომ ევროპის 90 პროცენტი არის ბევრად უფრო მეტად დამოკიდებული ამ მილებზე, ვიდრე საქართველო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა საერთოდ აღარ არის დამოკიდებული რუსეთზე. სწორედ, ამიტომაც შეგვიძლია დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება და ჩვენი ქვეყნის განვითარება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 „ლარსიჰესის“ მშენებლობა კომპანიამ „ენერგია“ 2011 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 2013 წლის შემოდგომაზე შევა. ჰესის დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ–ია, ხოლო წლიური გამომუშავება 98 მლნ კვტ/საათს შეადგენს. „ლარსი ჰესის“  მშენებლობაზე 120 ადამიანია დასაქმებული და პროექტში 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

ახალი ჰესების მშენებლობა სახელმწიფო პროგრამის “განახლებადი ენერგია 2008“ ფარგლებში ხორციელდება. დღეისათვის საქართველოს რეგიონებში 15 ახალი ჰესი შენდება. 2012-2013 წლებში კი დამატებით 20 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)