Google+

რელიზები

10.04.2012
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში წარმოებულ უპილოტო საჰაერო სისტემას გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს საქართველოში წარმოებულ უპილოტო საჰაერო სისტემას გაეცნო. ახალი სისტემის გამოცდა ურთულეს რელიეფურ და კლიმატურ პირობებში მოხდა. მიხეილ სააკაშვილი დეტალურად დაინტერესდა ახალი საფრენი აპარატის მონაცემებით და თავდაცვის მინისტრთან და იმ ქართველ ინჟინრებთან, რომლებიც ამ სისტემის შექმნაზე მუშაობდნენ, ტექნოლოგიური და საინჟინრო დარგების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რეალურად, ეს პირველი მაღალტექნოლოგიური ქართული პროდუქტია, რომელიც საქართველოში შეიქმნა. მისი უპირატესობა ისაა, რომ უცხოეთში ნაყიდი ტექნოლოგია, შესაძლოა, არასრული იყოს, ან პირიქით, შეიძლება შენი ტექნოლოგია მოწინააღმდეგეს გაუზიაროს. ამას ვერავინ ვერავის ვერ გაუზიარებს. რაც მთავარია, პერსპექტივა გვეხსნება და ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ბევრად დიდი და დახვეწილი აპარატები შევქმნათ. ძალიან ცოტა ქვეყანას თუ აქვს მსგავსი ტექნოლოგია და საგულისხმოა, რომ სამხედრო ტექნოლოგიას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ინტელექტუალური ცოდნისა და ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით. საქართველოში ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ ამ დარგს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა - სამხედრო-საინჟინროზე სპეციალობებზე წელს 50 აბიტურიენტი აბარებს, მაშინ, როდესაც,  დაახლოებით, 40-ამდე ადგილია. ეს აპარატი მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის თავდაცვის თვალსაზრისით, ის კომერციალიზაციის მხრივ. ქართველები სამხედრო ინჟინერიის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევიან. საუკეთესო ამერიკული თვითმფრინავი ზვიად ქართველიშვილმა შექმნა. რაკეტები, რომლებსაც რუსები ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ, ნადირაშვილის შექმნილია. საქართველოში ახალი სფერო იქმნება - ეს არის მაღალი ტექნოლოგიები, რასაც ასეთივე ხარისხის და მიმართულების უამრავი სამოქალაქო პროდუქციის წარმოება მოჰყვება. თუკი წელიწადნახევარში შევძელით მსგავსი აპარატის გამოშვება, შემდეგი წელიწადნახევრის განმავლობაში ამას ისე დავხვეწთ,  რომ მასშტაბითა და ტექნოლოგიური მონაცემებით, ბევრ მსოფლიო ანალოგს გავუტოლდებით. წელს ამ აპარატებს გამოვიტანთ აღლუმზე, შემდეგ წელს კი - ხუთჯერ და ათჯერ დიდებს. ეს იქნება ჩვენი საექსპორტო პროდუქტიც, რადგან ამ აპარატის მსოფლიოში გატანის უდიდესი პოტენციალიც გვაქვს. საქართველომ აუცილებლად უნდა დაიწყოს მაღალი ტენოლოგიების ექსპორტი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

უპილოტო აპარატის ფრენის მართვა ხორციელდება  პროგრამული უზრუნველყოფით და ის რთული (საბრძოლო) მისიების წარმოების დროს გამოიყენება. ახალი საფრენი აპარატი წარმოადგენს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ  სისტემას, რომლითაც შესაძლებელია სასაზღვრო პატრულირება, საჰაერო ფოტოგადაღება, სანაპირო დაცვის უზრუნველყოფა და სხვა ოპერაციების შესრულება.

ახალი საფრენი აპარატის გამოცდის პროცესს, მიხეილ სააკაშვილი უმცროს ვაჟთან, ნიკოლოზთან ერთად აკვირდებოდა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)