Google+

რელიზები

09.04.2012
საქართველოს პრეზიდენტი დაბა სტეფანწმინდას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ყაზბეგს სტუმრობდა. დაბა სტეფანწმინდაში მიხეილ სააკაშვილმა ახალი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა, რომელიც სადაზღვევო კომპანიამ „ჯი პი აი ჰოლდინგი“ ააშენა. მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო პერსონალსაც გაესაუბრა და საავადმყოფოში არსებული პირობებით დაინტერესდა. ჰოსპიტალური სექტორის განვითარების ფარგლებში სადაზღვევო კომპანიამ უკვე რამდენიმე საავადმყოფო გახსნა. ყაზბეგის 15-საწოლიანი სამედიცინო ცენტრი, რომელიც ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი, დეკემბერში ამოქმედდა. კლინიკა ადგილობრივებს სტომატოლოგიურ, ქირურგიულ, ამბულატორიულ და სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს; აქვე მოქმედებს სამშობიარო ბლოკიც. კლინიკაში 34 ადგილობრივი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული, ხოლო სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას მოსახლეობას 30-მდე სპეციალისტი უწევს.

მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო ცენტრთან შეკრებილ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ რეგიონის განვითარების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სტეფანწმინდაში დღეს ახალი ქართული ბრენდის „რუმს ჰოტელის“ მორიგი სასტუმროს მშენებლობის პროცესი დაათვალიერა, მშენებლობაზე დასაქმებულებს გაესაუბრა და ყურადღება ადგილობრივთა დასაქმების პერსპექტივაზე გაამახვილა.

„შრომითი რესურსი ყაზბეგში ძალიან ცოტაა. რეალურად, აუცილებელია, რომ ყაზბეგში ხალხი დაბრუნდეს. აქ იქმნება საბაჟო, სატრანზიტო ინფრასტრუქტურა - ხევი ცოცხლდება. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტებმა კვალიფიკაცია აიმაღლონ და ეს პროცესი უკვე დაწყებულია კიდეც - მათი გადამზადება სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარეობს. დღესდღეობით 75 სპეციალისტი გადის ამ კურსებს, მაგრამ მათი რაოდენობა, თანდათან,  კიდევ უფრო გაიზრდება. შარშან აქ, თითქმის, ყველა ოჯახში იყო ტურისტი. ტურიზმის განვითარების პირობებში, ყაზბეგში გაჭირვების პრობლემა აღარ უნდა იყოს. აქ  ყოველთვის იყო სოფლის მეურნეობის პროდუქტის გაყიდვის პრობლემა. ახლა კი მოსახლეობას პროდუქტი თავისთვის აღარ ეყოფა - მოყვანილ პროდუქციას მთლიანად გაყიდიან. ამას გარდა მთლიანად დაიტვირთება ყველა კაფე, რესტორანი თუ პატარა ბიზნესი. ახლა მხოლოდ ხელი უნდა გავანძრიოთ და ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ. ახალი გვირაბის მშენებლობას, ალბათ, სამი წელიწადი დასჭირდება, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ, ყაზბეგი თბილისის პატარა გარეუბანი გახდება. ეს იქნება საოცრება - თბილისზე მიბმული საოცრება. აქაურობა თბილისიდან ჩანს, მაგრამ გზითაც უნდა იყოს დაკავშირებული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

156 ნომრიანი სასტუმრო „რუმს ყაზბეგი“ პირველ დამსვენებლებს უკვე სეზონის დამდეგს, ივნისშივე მიიღებს. სასტუმროს მშენებლობაზე ამჟამად 200 სპეციალისტია დასაქმებული, სასტუმროში კი 250-მდე ადამიანი იმუშავებს, რომელთა შორის უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრები იქნება. სასტუმრო მთლიანად ქართული ინვესტიციით შენდება.

ქვეყნის პირველი პირი დღეს ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზეც მივიდა და რუსეთიდან  საქართველოში შემოსულ სტუმრებს, ქართველ მესაზღვრეებთან ერთად, პირადად ხვდებოდა. მიხეილ სააკაშვილი მათ მუშაობის დეტალებს გაეცნო და რუსეთიდან შემოსულ ტურისტებსაც გაესაუბრა, რომლებსაც საქართველოში უკვე უვიზოდ შემოდიან.

„ლარსის სასაზღვრო პუნქტზე შარშან 188 ათასი ადამიანი გადმოვიდა. მხოლოდ ამ საზღვარს  წელს 400 – 500 ათასი სტუმარი გადმოკვეთს. გვირაბის გაკეთების შემდეგ კი, ეს მაჩვენებელი 700 – 800 ათასამდე, შესაძლოა მილიონამდეც გაიზარდოს. თითოეულმა ადამიანმა აქ რამდენიმე ასეული დოლარიც რომ დატოვოს, ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ ამ შემოსავლითაც კი, მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ტურისტებმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს გულთბილი დახვედრისთვის და მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მალე გაფართოვდება კიდეც, რაც საზღვრის გადაკვეთის პროცესს უფრო კომფორტულს გახდის და შეფერხებებს მინიმუმამდე დაიყვანს.      



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)