რელიზები
04.04.2012
მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში დაზარალებულები მოინახულა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა. პრეზიდენტი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და ექიმებსა და დაზარალებულთა ახლობლებს გაესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა, საჭიროების შემთხვევაში, მათ დამატებითი დახმარებაც აღუთქვა.
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე 4-სართულიანი სახლის მე-3 სართულზე აფეთქება ბუნებრივი გაზის გაჟონვის გამო მოხდა. მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თბილისის მსგავსად, ბათუმშიც უნდა შეიქმნას სპეციალური სამსახური, რომელიც გაზიფიკაციის პროცესს დააკვირდება და მის უსაფრთხო ექსპლუატაციას უზრუნველყოფს. საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის მეთაურს იმ სახლების აღდგენაც დაავალა, რომლებიც აფეთქების შედეგად დაზიანდა. როგორც ლევან ვარშალომიძემ პრეზიდენტს განუცხადა, ამ საკითხზე მუშაობა ბათუმის მერიამ უკვე დაიწყო და ეს პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდება.