Google+

რელიზები

09.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ბერბუკში რუსიტაშვილების ოჯახს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ბერბუკში რუსიტაშვილების რვასულიან ოჯახს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი ამ ოჯახის პრობლემებით დაინტერესდა და ახალ ინიციატივებზე ესაუბრა. იგი იმ პროგრამებს შეეხო, რომლებიც 18 წლამდე მოზარდებისა და პენსიონერების ჯანმრთელობის დაზღვევას ითვალისწინებს და პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების საკითხებს მოიცავს. ერთ-ერთი მთავარი თემაც, სწორედ,  სახელმწიფოს მხრივ მრავალშვილიანი ოჯახების თანადგომა იყო. პრეზიდენტის განცხადებით, ოჯახისთვის, რომელშიც 4 მოზარდი და 2 პენსიონერია, ეს პროგრამა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დასაქმების საკითხი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც სურვილი  ექნება  შეისწავლოს და აითვისოს ახალი პროფესია,  კერძო თუ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში,  სახელმწიფოსგან  მიიღებს 1000 ლარიან საგანმანათლებლო ვაუჩერს, რომელიც მთლიანად აანაზღაურებს გადამზადების კურსს.

„მომავალი წლიდან ოთხივე ბავშვი დაზღვეული გეყოლებათ. გაიხსნა ახალი საავადმყოფოები და იქ მკურნალობისთვის დაზღვევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას გარდა, ამოქმედდება ახალი, 140 ლარიანი საპენსიო პაკეტი, რომლის მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ  წამლების თანხა 4-ჯერ იზრდება. ასევე შემოვიღეთ გადამზადების 1000 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც ყველა მსურველს საშუალებას აძლევს ახალი პროფესია აითვისოს ან კვალიფიკაცია გაიუმჯობესოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების აუცილებლობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საგაზაფხულო სამუშაოებისთვის გლეხებს ყველა პირობა უნდა ჰქონდეთ შექმნილი. რაც შეეხება მექანიზაციას, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მალე კიდევ რამდენიმე ასეული ტრაქტორი შემოვა. როგორც მან აღნიშნა, რეგიონებში წელს უკვე მექანიზაციის 12  ცენტრი გაიხსნება და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ყველა გლეხისა და ფერმერისთვის იქნება ხელმისაწვდომი. შიდა ქართლში  - ქარელსა და კასპში ორი ასეთი ცენტრი ამოქმედდება.

საუბრისას, პრეზიდენტი ელექტროენერგიის ხარჯითაც დაინტერესდა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 20 ლარი საკმაოდ მცირე თანხაა, იმ ხალხისთვის, ვისთვისაც ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია, ეს ვაუჩერიც გარკვეული შეღავათია, მით უფრო სოფლად, სადაც არის ოჯახები, რომლებიც თვეში სულ 6-7 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარს. 

თავის მხრივ, მასპინძლებმა საკუთარი ოჯახისა და სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს პრეზიდენტს. მათ აღნიშნეს, რომ ისევე, როგორც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა, მათი ოჯახიც სოფლის მეურნეობით ირჩენს თავს და საგაზაფხულო სამუშაოებისთვის განკუთვნილი 30-ლარიანი ვაუჩერი, რომლითაც რუსიტაშვილების ოჯახმა უკვე ისარგებლა, წაადგა მათ. 

„ასეთი ოჯახებისთვის ეს ვაუჩერი მართლაც შეღავათია. მახარებს ის ფაქტი, რომ ის რეალურად მუშაობს. თავდაპირველად, ვფიქრობდი, თუ რა შედეგის მოტანა შეეძლო მას, მაგრამ 30 ლარი მიწის გარკვეული ნაწილის დამუშავების საშუალებას მაინც იძლევა. ვაუჩერის იდეა მიზნად ისახავდა სოფლად მცხოვრებთა სტიმულირებას და ამან გაამართლა კიდეც“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ოთარ რუსიტაშვილმა მიხეილ სააკაშვილს თავისი საკარმიდამოც დაათვალიერებინა და მოწეული მოსავალიც აჩვენა. მისი თქმით, გასულ წელს მისმა ოჯახმა სიმინდის მოსავლით დიდი სარგებელი ნახა, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ფართობზე ჰქონდა დათესილი.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)