Google+

რელიზები

06.03.2012
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში

 

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ბაქოში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მიხეილ სააკაშვილს ზაგულბას სასახლეში ილხამ ალიევი პირადად შეხვდა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პირველმა პირებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერებმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები და ერთობლივი პროექტები განიხილეს.  

მხარეები ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობითაც შეხვდნენ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველომ და აზერბაიჯანმა რეგიონში ორმხრივი თანამშრომლობის მოდელი შექმნა, რომელიც ყველა სხვა ქვეყნისათვის არის მისაბაძი.

„ჩვენ შევქმენით ალტერნატიული მოდელი იმისა, რაც ადრე ხდებოდა. რეგიონების ქვეყნები არათუ არ ეხმარებოდნენ ერთმანეთს პრობლემების გადაჭრაში, არამედ უქმნიდნენ კიდეც მათ. ილჰამ ალიევის წყალობით, ჩვენი ქვეყნები აგვარებენ პრობლემებს და მაგალითს აძლევენ სხვა ქვეყნებს, როგორი უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობა. ასე რომ ურთიერთობდეს რეგიონის ყველა ქვეყანა, ყველაზე სწრაფად განვითარებადი რეგიონი გვექნებოდა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაფართოებული შეხვედრისას, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა ორი დოკუმენტი - ურთიერთგაგების მემორანდუმი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტს შორის სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტებს ხელი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებმა მოაწერეს. ამას გარდა, ცნობილი გახდა, რომ კახეთის რაიონში გაიხსენება ქართული კულტურის ცენტრი, სადაც განთავსდება ბიბლიოთეკა და ქართული თეატრი.

აზერბაიჯანის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა და საქართველოს დელეგაციის წევრებმა ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის პროექტის საბოლოო ეტაპის დეტალებიც განიხილეს. სარკინიგზო მაგისტრალი 2013 წლისთვის უნდა დასრულდეს და ის ევროპის ჩრდილოეთიდან და ცენტრალური აზიიდან ტვირთის გადაზიდვას აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, თურქეთსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში უზრუნველყოფს.

საუბრისას მხარეებმა თითქმის ყველა სფერო მოიცვეს და ენერგეტიკის, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და სპორტის საკითხები განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ორ ქვეყანას შორი სავაჭრო ურთიერთობაც იყო.    

მოგვიანებით, პრეზიდენტებმა შეხვედრის შედეგები შეაჯამეს და პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობების, მიღწეული შეთანხმებებისა და დღეს ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

დღის დამლევს ორი ქვეყნის ლიდერები ჰეიდარ ალიევის სახელობის ფონდში გაემგზავრნენ, რომელიც ილჰამ ალიევმა სტუმარს პირადად დაათვალიერებინა. სამახსოვრო წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ხვალ დასრულდება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)