05.03.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ახმეტის სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ახმეტას ესტუმრა და ახალი, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი ბელარუსის ჯანდაცვის მინისტრთან და სხვადასხვა სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა. სადაზღვევო კომპანიის „იმედი L“ მიერ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში აშენებული სამედიცინო ცენტრი 17 თებერვალს გაიხსნა და უკვე 200-მდე პაციენტს გაუწია სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურება. ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკაში 30 ჩვილი დაიბადა. საავადმყოფო 20 საწოლიანია და იქ 100-ზე მეტი ადგილობრივი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული. ადგილობრივებს აქ გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ქირურგიული, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ. სადაზღვევო კომპანიამ „იმედი L“ 3,5 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.
დღესვე, პრეზიდენტმა ქართული მედიცინის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ქირურგიის დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, ღვაწლმოსილი ექიმი ვახტანგ ალხანაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
„ვახტანგ ალხანაშვილი ახმეტაში თითქმის 50 წლის განმავლობაში მუშაობდა. ქირურგისთვის, რომელიც ათასობით ადამიანს დაეხმარა და ძალიან ბევრი გადაარჩინა, უამრავ ადამიანს გაუმართა ხელი და სიცოცხლე აჩუქა, მათ ოჯახებს ბედნიერება და შვება მოჰგვარა და უამრავი სიკეთე დათესა - ამაზე დიდი პრივილეგია არ არსებობს. მსურს, ბატონ ვახტანგს ქართული სახელმწიფოს სახელით, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადავცე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ვახტანგ ალხანაშვილმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს, უპირველესად, ახალი საავადმყოფოების აშენებისთვის და ღვაწლის დაფასებისთვის. როგორც მან აღნიშნა, ახალ კლინიკებში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ექიმებმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება შეძლონ, ხოლო პაციენტებმა მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღონ.
„ექიმთა ძველ თაობას მსგავს პირობებში მუშაობაზე მხოლოდ ოცნება შეეძლო. ყოველივე ეს თქვენი დამსახურებაა“, - მიმართა მან მიხეილ სააკაშვილს.
ქვეყნის პირველი პირი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. გამოსვლისას, მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება რუსეთთან ცალმხრივად გაუქმებულ სავიზო რეჟიმზე და რუსეთში გამართულ არჩევნებსაც შეეხო.