Google+

რელიზები

11.02.2012
საქართველოს პრეზიდენტი ტყვეობიდან გათავისუფლებულ მღვდელ-მონაზონს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი აფხაზი კრიმინალების ტყვეობიდან გათავისუფლებულ ქართველ მღვდელ-მონაზონ იონას დღეს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მამა იონას გათავისუფლება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მას მნიშვნელოვანი და კარგი საქმე აქვს წამოწყებული. პრეზიდენტის განცხადებით, ქართული სახელმწიფო  თავდაუზოგავად იბრძოლებს თითოეული მოქალაქის დასაცავად და  ყველაფერს გააკეთებს მათი უსაფრთხოებისთვის.

„რა თქმა უნდა, ძალიან ვინერვიულეთ თქვენზე. ეს გატაცების არც პირველი შემთხვევაა და, სამწუხაროდ, შეიძლება, არც ბოლო აღმოჩნდეს, ვიდრე იქ ბანდიტური უკანონობა გრძელდება ჩვენი მტრის ხელშეწყობით. ყველაზე მთავარი დღეს ისაა, რომ თქვენ აქ ხართ. ამაზე ფიქრი ერთი წუთითაც არ შეგვიწყვეტია. მეორე მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ არა მხოლოდ არავითარი გამოსასყიდი არ გადაუხდია ვინმეს, არამედ მათ საკადრისი პასუხიც მიიღეს (თუმცა ყველა დეტალზე ახლა ვერ ვისაუბრებთ). ვფიქრობ, თუ ყველამ არა, ამ ხალხის ერთმა ნაწილმა მაინც გაიგო და დანარჩენებსაც მოუყვებიან, რომ ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების, სიცოცხლისა და უსაფრთხოების ხელყოფას ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება პასუხი. შესაძლოა, დიდი და მდიდარი ქვეყანა არ ვართ, მაგრამ ჩვენთვის მთავარი სიმდიდრე ჩვენი მოქალაქეები არიან. ჩვენს მოქალაქეებს კი, „კბილებით“ დავიცავთ და ამისათვის ყველა საშუალებას გამოვიყენებთ. მართლაც, დიდი უბედურებაა, რომ იქ უკანონობა ხდება, მაგრამ დიდი ბედნიერებაა, რომ თქვენ ამ უბედურებას დააღწიეთ თავი“, - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა მღვდელ-მონაზონს.

ქართველმა ბერმა პრეზიდენტს და შსს-ს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გათავისუფლებისთვის და ქვეყნის პირველ პირს დაწვრილებით უამბო იმის შესახებ, რაც ტყვეობის დროს გადახდა თავს. როგორც მან საუბრისას აღნიშნა, დატყვევებისა და პატიმრობის დროს მიყენებული შეურაცხყოფის მიზეზი, მხოლოდ ერთი რამ - მისი ქართული წარმომავლობა იყო.

„ღმერთმა დალოცვილი გამყოფოთ თქვენ და ყველა ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ამ ღონისძიებას. ეს დღეები მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება. მემახსოვრება ის, რომ ჩემს გვერდით იდგა ჩემი პრეზიდენტი და ჩემი სახელმწიფო. ამის შეგრძნება მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როდესაც ასეთ განსაცდელში ხარ, როდესაც შენზე ფიქრობენ, ზრუნავენ და გეხმარებიან. როცა მსგავს მდგომარეობაში იმყოფები, ხარ დატყვევებული, შეურაცხყოფას გაყენებენ და ამ დროს ვიღაც მოდის შენს დასახსნელად, ეს უდიდესი, ენით აღუწერელი ბედნიერებაა. ჯერაც არ გამოვსულვარ ამ მდგომარეობიდან - ყველაფერი დილით მოხდა... მსგავსი შინაგანი სიხარული მაშინ დამეუფლა, როდესაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ბიჭები დამხვდნენ და ტყიდან გამომიყვანეს. ბატონო პრეზიდენტო, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა არის შემდგარი სახელმწიფო. ეს თქვენს მოქმედებაში ჩანს. მადლობა ღმერთს, რომ თქვენისთანა ადამიანი გვყავს“, - აღნიშნა მღვდელ-მონაზონმა პრეზიდენტთან შეხვედრისას.

ქართველი მღვდელ-მონაზონი იონა (მამუკა მაისურაძე) აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსალოცად იყო გადასული, როდესაც აფხაზმა კრიმინალებმა დაატყვევეს. ქართველი ბერი მათ 25 დღის განმავლობაში დაბმული ჰყავდათ და მის გამოსასყიდად 100 ათას ამერიკულ დოლარს ითხოვდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართულ მხარეს მოლაპარაკება არ გაუმართავს. მამა იონა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)