Google+

რელიზები

05.02.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს. მიხეილ სააკაშვილი ფორუმზე სიტყვით გამოვიდა  და აუდიტორიის წინაშე იმ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელდა. საქართველოს პირველმა პირმა ყურადღება რეგიონის უსაფრთხოებაზეც გაამახვილა. დისკუსიის პანელი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი სიყვით წარსდგა, არაბულ ქვეყნებში დემოკრატიულ რეფორმებს განიხილავდნენ და იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც დემოკრატიული გარდაქმნის გზას დაადგა, საქართველო განიხილებოდა როგორც პოზიტიური მაგალითი.

„ჩვენ საკმარისად ვერ ვწვდებით მომხდარის მნიშვნელობას და არც შეიძლება ვიცოდეთ საით წაგვიყვანს ეს მოვლენები - ჩვენთვის არ არსებობდა თავისუფლების სახელმძღვანელო ისევე, როგორც არ არსებობს მსგავსი რამ ჩვენი მეგობარი ტუნისელი და ლიბიელი ხალხისთვის. საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური, მენტალური და რადიკალური პოსტრევოლუციური გამოცდილება, შესაძლოა, არ გვთავაზობს მოდელს, რომელიც ყველას მოერგება, მაგრამ შესაძლოა უკეთ გავიგოთ ის მრავალფეროვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც ტრანსფორმირებადი საზოგადოებები დგას.“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველოს გამოცდილების საფუძველზე, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გაიმარტივოს გზა, რომელიც ჯერ კიდევ გასავლელი აქვს.    

მიხეილ სააკაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ დასკვნების შესახებ, რომლებიც საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდგომ რეფორმებისა და ცვლილებების საფუძველზე გაკეთდა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის პერიოდია, როდესაც გრძელვადიანი და რთული რეფორმების პროცესი იწყება. თუმცა მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ  რეალური და მდგრადი შედეგების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხს მთავრობისა და საზოგადოების სრული შემადგენლობა პრინციპულად მიუდგება. ამასთან ყველა სფეროსა და სისტემის რეფორმირება უნდა იყოს ყოვლისმომცველი და, ამავდროულად,  სოციალური ტრანსფორმაციის ნაწილი. მან ასევე განაცხადა, რომ რევოლუციის შემდეგ ხალხი ბევრად ძლიერი და მოუთმენელი ხდება.

„შეუძლებელია წინასწარ ვიცოდეთ, როგორი იქნება პროგრესი. როდესაც როდესაც ინტერესთა ჯგუფებს უტევ, რთული და მტკივნეული პერიოდების გამოვლა გიწევს. ჩვენთანაც იყო დემონსტრაციები - 2007 წელს გადადგომაც კი მომიხდა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეფორმები რეფერენდუმზე დავაყენეთ. არადა შეგვეძლო დაგვესვენა. საქართველომ დიდ წინსვლას მიაღწია მსოფლიო ბანკის, Transparency International რეიტინგებში, რომელიც მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე მიიღეს. აქედან გამომდინარე შეგვეძლო გვეთქვა, რომ ჩვენი საქმე უკვე გავაკეთეთ, მაგარამ რეფორმირება უსასრულო პროცესია. ქვეყნის მართვა გამუდმებით სწავლას ნიშნავს, კრიტიკული თვალით შეხედვას, ადაპტაციასა და ცვლილებას, რაც ავტორიტარულ რეჟიმებს არ ესმით. რევოლუციას ახდენს ხალხი, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების პასუხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია, დემოკრატიული მოძრაობების მხარდაჭერა და, ამავდროულად, ხელისშეშლა მათთვის, ვინც ამ მოძრაობების შეჩერებას ცდილობს.“, - ასეთი იყო საქართველოს პრეზიდენტის გზავნილი ყველა იმ ლიდერის მიმართ, რომელსაც საკუთარი ქვეყნის უკეთესობისკენ გარდაქმნა სურს. 

 

ამავე დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ მიღებას დაესწრო, რომელზეც NATO-ს ჩიკაგოს სამიტის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს. ღონისძიება ატლანტიკური საბჭოს ეგიდით გაიმართა და მას  ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჯარების მთავარსარდალი და პოლიტიკური ექსპერტები ესწრებოდნენ.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პირველი პირი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უმაღლესი დონის ფორუმია, რომელიც ყოველწლიურად იმართება.  წელს ღონისძიებას მაღალი რანგის სტუმრები მსოფლიოს 70 ქვეყნიდან ესწრებიან. მათ შორისაა ნატოს გენერალური მდივანი, სხვადასხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ლიდერები.  

კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩავიდა, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)