რელიზები
02.02.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატაში გამართა შეხვედრები
საქართველოს პრეზიდენტმა კონგრესის ორივე პალატაში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან გამართა შეხვედრა. მიხეილ სააკაშვილი სენატორებს რიჩარდ დურბინს, ჯონ კაილს, ასევე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ჯონ ბეინერს შეხვდა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად პრესისთვის განცხადებაც გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ ესაუბრა ასევე კონგრესმენებს - სტენლი ჰოიერს, დევიდ დრეიერს, ტედ დოიჩს და კრისტოფერ მერფის. ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრების ძირითადი თემები ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა და რეგიონული უსაფრთხოება იყო.
„მადლიერი ვარ, რომ პირადად ჩაერთეთ საქართველოსთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხების განხილვაში და კონგრესიდან წამოსული ძლიერი მხარდამჭერი განცხადებებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ძალიან ბევრს ცვლიდა. ეს ნამდვილად ასეა. მადლობას გიხდით თქვენი მხარდაჭერით მიღებული რეზოლუციისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას შეეხება. ბატონო სპიკერო, ჩვენ ვაფასებთ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს, ამიტომაც ვართ ავღანეთში. ჩვენი სურვილია ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მოკავშირე ვიყოთ, ამიტომაც ვიღებთ ასეთ მხარდაჭერას შეერთებული შტატებიდან. ვაშინგტონში ვიზიტი ძალიან შედეგიანი იყო. ვიწყებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკულების მიღებისთვის მოლაპარაკების პროცესს; ვისაუბრეთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე და სადაც არ უნდა გვქონდეს შეხვედრა, მაგალითად, აქ, კონგრესში, ყველგან საქართველოს მზარდამჭერი განცხადებები გვესმის - ის, რომ საქართველო არის მაგალითი მთელი რეგიონისათვის. მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებთ“, - განუცხადა მას მიხეილ სააკაშვილმა.
ჯონ ბეინერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა. მისი თქმით, ორი ქვეყნის მრავალწლიანი ურთიერთობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში დახმარებისთვის და ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობისთვის.
საქართველოს პრეზიდენტმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი საქართველოში მოიწვია.