Google+

რელიზები

01.02.2012
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები აშშ-ის კანონმდებლებთან გამართა

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის  უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებული რეფორმები განიხილეს და იმ წარმატებაზე ისაუბრეს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ კორუფციასთან ბრძოლის, ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების მხრივ მიაღწია. ასევე იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზეც და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა უფრო მაღალ საფეხურზე უნდა გადავიდეს, მათ შორის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით.

კონგრესმენებმა ბილ შუსტერმა, მარიო დიაზ-ბალარტიმ, ჯონ გარამენტიმ, დანკან ჰანტერმა, ტედ პომ, ჯონ რანიანმა და შონ დასმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ძალზე საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ქვეყანაში მიღწეული წარმატებები, კონგრესმენ მარიო დიაზ-ბალარტის თქმით, პრეზიდენტის თანმიმდევრული მოქმედების, მთავრობის შეთანხმებული მუშაობისა და შრომისმოყვარე ხალხის ძალისხმევის ერთობლივი შედეგია. 

„საქართველო არის იმის მაგალითი თუ რა ხდება ქვეყანაში მაშინ, როდესაც ხალხი შრომისმოყვარეა, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობს და მას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც წარმატებით ამარცხებს კორუფციას და რომელსაც აქვს ეკონომიკური გეგმა, რომელიც სანიმუშოა დანარჩენი მსოფლიოსთვის. პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ, შეხვედრისას ჩვენ, ძირითდად, მისგან ვსწავლობდით იმ ეკონომიკური რეფორმების შესახებ, რომელიც ყველასათვის მისაბაძი უნდა იყოს. შედეგი ბევრის მთქმელია და დღევანდელი საქართველო მთელი მსოფლიოსთვის სწორედ ამის მაგალითია“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

მიხეილ საააკაშვილთან შეხვედრისას კონგრესმენმა დანკან ჰანტერმა განაცხადა, რომ საქართველოს წარმატებებს არათუ ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ რუსეთიც აფასებს. მისი თქმით, ამას სტატისტიკური მაჩვენებლებიც მოწმობს -  მხოლოდ რუსეთიდან საქართველოში 500 ათასიდან 700 ათასამდე ტურისტი ჩავიდა.

„საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას არათუ ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ რუსეთიც კი აფასებს. საქართველოში ჩასვლა ყველას სურს. წელს, 500 ათასიდან 700 ათასამდე ტურისტი საქართველოში მარტო რუსეთიდან ჩავიდა. ეს არის ადგილი ბიზნესისთვის, ტურიზმისთვის, საუკეთესო განათლებისთვის და ყოველივე ამას თავისუფლება მოაქვს“, - განაცხადა დანკან ჰანტერმა.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე სენატორებს ბობ კორკერს და მარკო რუბიოს, მოგვიანებით კი, ჯონ მაკკეინს, ლინდსი გრეჰემს და ჯეიმს რიჩს შეხვდა. შეხვედრისას, ყურადღება საქართველოს ჯარების ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ამ თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატები სათანადოდ აფასებს საქართველოს თანადგომასა და წვლილს. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენინტეტის მიმართ და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხს შეეხნენ.

 „არაჩვეულებრივი შეხვედრა გაიმართა მიხეილ სააკაშვილთან. ჩვენ მივიჩნევთ საქართველოს, როგორც პროგრესის საუკეთესო მაგალითს. საქართველოში კორუფცია დამარცხებულია და სხვა ქვეყნებისთვის ეს მისაბაძი უნდა იყოს. კვლევების თანახმად,  საქართველო მსოფლიოში საუკეთესო ადგილია ბიზნესის კეთებისთვის. ასევე, ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანას აქვს გარკვეული პრობლემები უსაფრთხოების მხრივ, რადგანაც რუსეთს არ სურს აღიაროს ქვეყნის უფლება იყოს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ იმედით ვუყურებთ საქართველოს მომავალს და ყოველთვის ამ ქვეყნის გვერდით ვიქნებით. ძალიან მალე სენატში აქტიურად დაიწყება საუბარი ამერიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)