Google+

რელიზები

12.01.2012
საქართველოს პრეზიდენტმა დევნილებს ბათუმის ახლადაშენებულ ბინებში ახალმოსახლეობა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში დევნილთა ახალ დასახლებას ეწვია. ქვეყნის პირველმა პირმა მათ ახალმოსახლეობა და შობა-ახალი წელი მიულოცა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სახლებში საცხოვრებელი ბინები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი, სიმბოლურად, თავად მართავდა ავტობუსს, რომელმაც იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა ახალ სახლებთან მიიყვანა.

„დიდი ხანია მინდოდა, რომ ამ გზაზე პირადად წამომეყვანეთ, თუმცა უფრო დიდი ოცნებაც მაქვს - სოხუმის გზაზე ვიყო თქვენი მეგზური. ახლა ბათუმისკენ წაგიყვანთ. იცოდეთ, რომ ეს თქვენი სახლებია, თუმცა როგორი კარგი ბინებიც არ უნდა გქონდეთ სხვაგან,  ჩვენი სამშოლო არის იქ - აფხაზეთში. ბათუმში თამარისის დასახლება ძალიან ლამაზად გაკეთდა - ზღვის და მთის ჰაერი ერწყმის ერთმანეთს, პალმებს ზემოდან მთები დაჰყურებს. სახლებიც ძალიან  ლამაზი გამოგვივიდა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დევნილთა ახალი დასახლება მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურით დასავლეთ ევროპას ჰგავს. მისი თქმით, მსგავსი სახლები მომავალშიც აშენდება.

ქვეყნის პირველმა პირმა ისიც აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც წყალტუბოს სანატორიუმიდან დევნილები ახალ კორპუსებში გადავიდნენ, ინვესტორმა პირობა დადო, რომ „შახტიორის“ ადგილზე საუკეთესო სასტუმრო აშენდება. მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა შემოდგომამდე დასრულდება. 2-3 წელიწადში ის მარაკეშს დაემსგავსება, რომელსაც რელიეფით ისედაც ჰგავს.

„წყალტუბო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე კურორტია. ამიტომ, ის, რაც წყალტუბოში ხდება, ამ კურორტის ახალი სიცოცხლეა. როდესაც იქაური სანატორიუმები გათავისუფლდება, ყველას ეყოლება მფლობელი და რეაბილიტაციის შემდეგ, სრული დატვირთვით უკვე ტურისტებისთვის ამუშავდება. ამის გათვალისწინებით წყალტუბო 100-პროცენტიანი დასაქმების ქალაქი უნდა გახდეს. შესაძლოა ქუთაისიდან და სხვა მიმდებარე ადგილებიდან დაგვჭირდეს ხალხის ჩამოყვანა სამუშაოდ, იმდენად პერსპექტიული ადგილია. ასევეა ბათუმშიც. შემდეგ წლებში იმდენი პროექტი განხორციელდება, რომ უმუშევრობა აქ წარმოუდგენელი რამ იქნება - ყველას ექნება საქმე. მთავარია ის, რომ სახელმწიფოს არავინ არ მიუტოვებია და დევნილთა პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ალბათ ყველაზე წარმატებულია მთელ მსოფლიოში. ეს არც ტრაბახია და არც ჩემი სიტყვები - ამას საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ახალმოსახლეებთან საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილმა აჭარის რეგიონის განვითარებასა და პერსპექტივებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დროს ამ ადგილზე ყველაზე ცუდი სახლები აშენდა, ხოლო თავისუფალი ქვეყნის პირობებში - თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები.  საქართველოს პირველი პირის განცხადებით, საცხოვრებელი პირობები აქ კიდევ უფრო გაუმჯობესდება. გზებისა და წყალგაყვანილობის მშენებლობა ამ ხალხის დასაქმების წყარო გახდება.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აჭარაში მსოფლიო ბრენდების საწარმოები რაოდენობა იზრდება. როგორც მან აღნიშნა, მალე აქ „ადიდასი“ გახსნის ქარხანას და ამ უბანში მცხოვრები ხალხი დასაქმებას ამ საწარმოშიც შეძლებს. მისი თქმით, ამ ადამიანებს ვაჭრობის გამოცდილებაც აქვთ და ვინაიდან ბათუმი კომერციის ქალაქია, შესაბამისად,  ამის საშუალება ექნებათ.

ახალი ქარხნების მშენებლობასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარისგან მოისმინა. 2-3 თვეში აქ ორი საწარმო გაიხსნება, რომელთაგან ტექსტილის ფაბრიკა 1200 ადამიანს დაასაქმებს, ხოლო ძაფის ქარხანა 300 ადამიანს მოუგვარებს უმუშევრობის პრობლემას. ასევე იგეგმება დიდი სავაჭრო ცენტრის აშენება, სადაც მინიმუმ ათასი ადამიანი დასაქმდება. ლევან ვარშალომიძის განმარტებით, ახლადაშენებულ კორპუსებში ჩასახლებულ ადამიანებს დასაქმების პრობლემა აღარ ექნებათ.

ახალ უბანში 22 საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც 3 ათასი დევნილისთვის საგანგებოდ აშენდა. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია: დაიგო ასფალტის საფარი, შესრულდა გაზიფიცირების სამუშაოები,  დამონტაჟდა გარე განათება, წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემები, გამწვანდა ტერიტორია და აშენდა სპორტული მოედანი ბავშვებისათვის. ახალ კორპუსებში, რომლებშიც ორი და სამოთახიანი ბინებია, 608 ოჯახისთვის მოეწყო. თითოეულ ბინაში შეყვანილია ბუნებრივი აირი, დამონტაჟებულია წყლის და გაზის გამათბობლები და ასევე გაზქურები.

ახალი უბნის მშენებლობაზე 5 ათასამდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა. პროექტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის კოორდინირებით განხორციელდა.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)