რელიზები
06.01.2012
საქართველოს პრეზიდენტმა სომხური ეკლესიის მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა
ჩემო ძვირფასო თანამემამულენო,
გილოცავთ იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც სომხეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 6 იანვარს აღნიშნავს. მინდა ეს დღე მივულოცო არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს, არამედ სომხური ეკლესიის მრევლს მთელ მსოფლიოში.
საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმა დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაში და ისინი დღესაც აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში.
ქართველმა და სომეხმა ხალხმა შექმნა თანაცხოვრების უნიკალური გამოცდილება. ამ საქმეში საქართველოსა და სომხეთის უძველესი სამოციქულო ეკლესიების წვლილი განუზომელია.
მშვიდობა, კეთილდღეობა და ჯანმრთელობა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს.
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.
პატივისცემით,
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
6, იანვარი, 2012