Google+

რელიზები

03.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების თაობაზე კომენტარი გააკეთა

მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში დღეს რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა დეტალურად განმარტა საქართველოსა და შვეიცარიის მიერ მომზადებული ერთობლივი წინადადების მნიშვნელობა და მიღწეულ შეთანხმებას ქართული დიპლომატიის გამარჯვება უწოდა. მისი განცხადებით, საქართველოს საზღვრებზე საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ მონიტორინგის განხორციელება მნიშვნელოვანია არა მარტო ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

„რუსეთმა დღეს თანხმობა განაცხადა იმ შეთავაზებაზე, რომელიც მსო-ში მის გაწევრიანებას შეეხება. უკვე რამდენიმე წლის, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურ მოლაპარაკებებს ჯერ უშუალოდ ვაწარმოებდით რუსეთის ფედერაციასთან, ხოლო 2008 წლის შემდეგ, შუამავლების მეშვეობით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ 1992 წლის შემდეგ, დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული ამ საზღვრიდან შემოსულ საქონელზე არანაირი ინფორმაცია და კონტროლის მექანიზმი არ გაგვაჩნდა. ეს ნიშნავს იმას, რომ, პრაქტიკულად, წარმოდგენა არ გვაქვს რა სახის ტვირთი გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე. 2008 წლამდე რუსეთი სხვადასხვა საბაბით თავს არიდებდა ჩვენთან ერთად ამ საზღვრის გაკონტროლებას. 2008 წელს მან საერთაშორისო უკანონობა ჩაიდინა და ჩვენი ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რაც, რა თქმა უნდა, მსოფლიომ არ გაიზიარა. ამის შედეგად, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, შუამავლების მეშვეობით (ამ პროცესში ევროკავშირიც იღებდა მონაწილეობას, ამერიკამაც შეიტანა საკუთარი წვლილი, შვეიცარია უშუალოდ ასრულებდა შუამავლის როლს) გამართული მოლაპარაკების დროს  რუსული მხარე მუდმივად უარს ამბობდა ამ საზღვრების საერთაშორისო მონიტორინგზე. უფრო მეტიც, რუსეთის პირველი წინადადება იყო ის, რომ საერთოდ არ განხორციელებულიყო არანაირი მონიტორინგი; რამდენიმე თვის შემდეგ მათ შემოგვთავაზეს მონიტორინგი საქართველოს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე არსებულ დერეფნებზე, რომლებსაც ისინი მიიჩნევენ საქართველოდ. რა თქმა უნდა, პირველი ორი წინადადება ჩვენ მაშინვე უარვყავით. ბოლოს მათ შემოგვთავაზეს მონიტორინგის ორმაგი სტანდარტი - მონიტორები დაგვეყენებინა აფხაზეთისა და ცხინვალის ნაწილშიც, თუმცა ამ ტერიტორიებზე მონიტორები გააკონტროლებენ იმ ტვირთს, რომელიც შემოვიდოდა საქართველოში (რუსების წარმოდგენით არსებულ საზღვრებში), ხოლო იმ ტვირთის თაობაზე, რომელიც შემოვიდოდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საკუთარი სურვილის მიხედვით, ინფორმაციის სახით მიაწვდიდნენ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციებს და არა ქართულ მხარეს. საბოლოოდ, მათ ათი სხვადასხვა წინადადება შემოგვთავაზეს, რომლებიც ქართულმა მხარემ უარყო.

ამ 10 დღის წინათ შვეიცარელებთან ერთად, ძალზე ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ჩვენ შევიმუშავეთ ერთობლივი წინადადება, რომლის მიხედვითაც, მესამე მხარე - შვეიცარიის კონფედერაცია, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის სახელით მოქმედებს, იქირავებს საერთაშორისო სერთიფიცირებულ მონიტორებს, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებით შვეიცარიის კონფედერაციის წინაშე არიან ანგარიშვალდებული. კოორდინატებიც ზუსტად არის განსაზღვრული: ფსოუ და ზემო ზარამაგი, როკის გვირაბი. ამ კოორდინატებში და დერეფნის გასწვრივ, განხორციელდება ყველა იმ ტვირთის საერთაშორისო მონიტორინგი, რომელიც საქართველოს შიგნით გადაადგილდება. 1992 წლის შემდეგ, ჩვენ პირველად მივაღწიეთ იმას, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მეშვეობით, მუდმივად მივიღებთ ინფორმაციას ყველა იმ ტვირთის შესახებ, რომელიც შემოდის საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლების მეშვეობით. ეს დამკვირვებლები ანგარიშვალდებული არიან მესამე მხარესთან, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია ყველა ეს ინფორმაცია ჩვენ მოგვაწოდოს.

მიმაჩნია, რომ საქართველოს მიერ წარმოებული ძალზე ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ეს არის ჩვენი დიპლომატიური გამარჯვება. რა თქმა უნდა, საბოლოო დიპლომატიურ და ყოველგვარ გამარჯვებას მივაღწევთ მაშინ, როდესაც აქ იდგებიან არა მარტო საერთაშორისო მონიტორები, არამედ საქართველოს საბაჟო და სასაზღვრო სამსახურები. ამას ჩვენ ყველა ერთად მივაღწევთ. თუმცა, რასაც დღეს მივაღწიეთ, არის პირველი, ძალზე მნიშვნელოვანი რამ - დაფიქსირება იმისა, რაც არის საქართველოს საბაჟო საზღვრები, საქართველოს ტერიტორიის საბაჟო კონტროლი. ამ შემთხვევაში, იგულისხმება იმ საერთაშორისო მხარის მიერ განხორციელებული მონიტორინგი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.

ეს არის ის, რასაც ჩვენ მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში მივაღწიეთ. ეს ძალზე მნიშნელოვანია, რადგან მოლაპარაკების მთელი პერიოდის განმავლობაში ჩვენი მთავარი პრინციპი ჩვენი იყო მხოლოდ ერთი რამ - რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გადავწყვეტდით ტერიტორიულ საკითხებს, რადგან ჩვენი ტერიტორირიები ოკუპირებულია და ამას საერთაშორისო თანამეგობრობაც აღიარებს, მაგრამ პრინციპი, რომ ოკუპანტმა მხარემაც აღიაროს თუ რა არის საზღვრების საერთაშორისო კონტროლი და მონიტორინგი, ეს იყო ძალიან  მნიშვნელოვანი ჩვენი სამართლებრივი მდგომარეობისთვის, დიპლომატიური სიტუაციისა და ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვეცოდინება რა ტვირთვი მოძრაობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ყველა სახის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამის საერთაშორისო დასტური და საერთაშორისო მექანიზმი ჩვენ პირველად მივიღეთ. ეს ძალიან რთული იყო, ყველანაირი დიპლომატიური მანევრები ხორციელდებოდა, რათა საქართველო ნაკლებზე დათანხმებულიყო. ჩვენი პოზიცია იყო ძალიან ნათელი - ან იქნებოდა ასე, ან რუსეთი ვერ შევიდოდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ვფიქრობ, ჩვენმა პარტნიორებმა ბოლოს ეს ძალიან კარგად გაითავისეს და მიხვდნენ, რომ ვისაც რა არ უნდა ეთქვა, საქართველო ამ პრინციპული პოზიციიდან ერთი ნაბიჯითაც არ დაიხევდა უკან. ეს არის ამ მოლაპარაკებების შედეგი და მსურდა, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის განმემარტა რაზეა, რეალურად, საუბარი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)