Google+

რელიზები

13.10.2011
მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ ყველა ნიჭიერი ადამიანის წინსვლით შევქმნით ძლიერ სახელმწიფოს“

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია გახსნა.

პრეზიდენტი პირადად გაეცნო ყველა იმ ტექნოლოგიურ სიახლეს და პროცესს, რომელიც საშუალებას იძლევა ახალ ტექნოლოგიურ ცენტრში ადგილზევე მოხდეს  სამშენებლო სფეროსთვის საჭირო მასალების სიმყარისა და მდგრადობის გამოცდა. ლაბორატორიაში ასევე შესაძლებელია  სამეცნიერო-კვლევითი და სამეურნეო სამუშაოების ჩატარება, სამშენებლო ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით. ახალი ცენტრის საშუალებით უცხოელი ექსპერტების მოწვევის და ექსპერტიზაზე  მასალის უცხოეთში  გაგზავნის აუცილებლობა აღარ იარსებებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ახალი ინოვაციები, კარგად აღჭურვილი ტექნოლოგიური ცენტრი და კვალიფიციური სპეციალისტები ქვეყნის განვითარებისა და დასაქმების მეტ შანსს იძლევა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს სამშენებლო სფეროში დიდი პოტენცია აქვს, ჰყავს კადრები, რომლებსაც საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლიათ. მისივე თქმით, დღეს უკვე ტექნიკურ სფეროში განათლების მიღება მომგებიანი გახდა, შესაბამისად, აბიტურიენტთა დიდმა ნაწილმა ჰუმანიტარული მეცნიერებების შესწავლას, ტექნიკური სფეროს ათვისება ამჯობინა.

„ეკონომიკის და მშენებლობის პროგრესთან ერთად არსებობს განვითარების ორი გზა. პირველი, როდესაც ბევრი ნავთობი და გაზი გაქვს და შეგიძლია არაფერი არ გააკეთო. მაგალითად, შემოვლენ ჩინელები, თურქები, გერმანელები და ყველაფერს ისინი აგიშენებენ. მეორე გზაა, როდესაც არაფერი არ გაქვს, თავადვე უნდა ისწავლო, გამოიგონო და იქით აუშენო სხვას. სწორედ ეს მეორე მიმართულებაა ჩვენი განვითარების გზა, რადგან პირველი გზა საბოლოოდ ეროვნული განვითარების შეჩერებას იწვევს. სწორედ ამიტომ ვერ შექმნა რუსეთმა, ახალი ტექნოლოგიური ცენტრი, რადგან ზის ნავთობის ნემსზე და კორუფციაზე. ყველაფერი კი ერთ მუჭა ხალხს აქვს დანაწილებული.

ჩვენ კი ყველა ნიჭიერი ადამიანის წინსვლით შევქმნით ახალ ტექნოლოგიებს, ახალ ტექნოლოგიურ ცენტრებს და განვავითარებთ ჩვენსავე ქვეყანას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მსგავსი ტექნოლოგიური ცენტრები და ლაბორატორიები იძლევა საშუალებას, რომ ეს მასალები სხვადასხვა ინფრასტრუქტურების მშენებლობისთვის გამოვიყენოთ. პრეზიდენტის ინიციატივით, სწორედ ამ ცენტრში დამზადებული მასალა იქნება გამოყენებული ანაკლიაში ახალი ცენტრის მშენებლობისას.

ლაბორატორიის გახსნას ლიტვის ტექნიკური ინსტიტუტის რექტორიც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური პროგრესის თვალსაზრისით, საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალზე დიდი წინსვლა შეიმჩნევა:

„საქართველოში ერთი წლის წინათ ვიყავი და მას შემდეგ გასაოცარი პროგრესი იგრძნობა. სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ, ვინაიდან ტექნოლოგიური თვალსაზრისით, თქვენი ქვეყანა ჩვენ ქვეყანაზე გაცილებით წინ არის“.-აღნიშნა რომანს ჟივენჩუსმა.

ტექნოლოგიური ცენტრის გახსნას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)