Google+

რელიზები

14.09.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში სამაცივრე მეურნეობა მოინახულა

მიხეილ სააკაშვილმა ფოთში სამაცივრე მეურნეობა „აისბერგ ფოთი" მოინახულა და კომპანიის სამუშაო პროცესს გაეცნო. საქართველოს პრეზიდენტი მომსახურე პერსონალსაც გაესაუბრა და აღნიშნა, რომ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, ფოთში ბევრი ასეთი საწარმო უნდა აშენდეს. „აისბერგ ფოთი" ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან შემოსული ტვირთის დაბინავებასა და ტრანზიტს უზრუნველყოფს.

„ფოთი მრავალფუნქციური ქალაქი უნდა გახდეს, სადაც სხვადასხვა ტერმინალები აშენდება. ქალაქის ფუნქციური დატვირთვის გაზრდას აეროპორტის მშენებლობაც შეუწყობს ხელს." - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კომპანიაში 80-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის არიან ქალაქში ჩასახლებული დევნილებიც. პრეზიდენტი მათი სამუშაო პირობებით დაინტერესდა და განაცხადა, რომ ჩამოსახლებული დევნილების დასაქმება ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„თავდაპირველად დევნილები საცხოვრებლით უზრუნველვყავით. ახლა კი, მათ გარკვეულ ნაწილს უკვე სამუშაო ადგილებიც აქვს. დარწმუნებული ვარ, მალე ყველა დასაქმდება. ეს ხალხი იმ ადგილებიდან გადმოვიყვანეთ, სადაც დასაქმების პერსპექტივა კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში არ იქნებოდა. ისინი ცენტრალურ ადგილზე დავასახლეთ, სადაც რეალურად, არის დასაქმების შესაძლებლობა. ეს გააზრებული სახელმწიფო პოლიტიკაა და არა უბრალოდ დახმარება - ჩამოვიყვანეთ, ავუშენეთ კარგი ბინები და დავასაქმეთ. იგივე პროცესი მიმდინარეობს ბათუმშიც. რეალურად, სახელმწიფო იმისთვისაა, რომ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ მომავლის შექმნის საშუალება მივცეთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველ პირთან ერთად, სასაწყობე მეურნეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ მოინახულეს.

კომპანიამ „აისბერგ ფოთი" 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანიის მესვეურთა განმარტებით, ფოთის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა და ქვეყნის გამარტივებული საგადასახადო სისტემა ბიზნესის წარმოებას ბევრად აადვილებს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)