რელიზები
14.09.2011
დავით ტყეშელაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე გიორგი ტატიშვილი წარადგინა
დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით ტყეშელაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე, ზურაბ არსოშვილის ნაცვლად, გიორგი ტატიშვილი წარადგინა.
„მსურს გაგაცნოთ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტის რწმუნებულად შიდა ქართლის რეგიონში, დღეიდან, გიორგი ტატიშვილი დაინიშნება. ამ ადამიანს ყველა კარგად ვიცნობთ საქართველოს პარლამენტში მისი საქმიანობიდან გამომდინარე. აქ ძალიან ძლიერი გუნდია შექმნილი და დარწმუნებული ვარ, რომ გიორგის მუშაობა არ გაუჭირდება. ახალი გუბერნატორის მოსვლის შემდეგ განსხვავება მხოლოდ ის უნდა იყოს, რომ ყველამ უფრო მეტი შემართებითა და ენერგიით იმუშავოს. ეს ენერგია და შემართება კი, უპირველეს ყოვლისა, მიმართული უნდა იყოს შიდა ქართლში ჩვენი ხალხის პრობლემების გადასაწყვეტად. ასე იყო ზურა არსოშვილის მოსვლის შემთხვევაში, ასე უნდა იყოს გიორგის შემთხვევაშიც", - აღნიშნა დავით ტყეშელაშვილმა.
გიორგი ტატიშვილი 2008 წლიდან გორის მაჟორიტარი დეპუტატია, მანამდე კი, იგი უშიშროების, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებში მუშაობდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ზურაბ არსოშვილს განვლილი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არის ბევრი საინტერესო იდეა და საქმე, რომლებიც მომავალში ყოფილ გუბერნატორთან ერთად განხორციელდება.