რელიზები
13.09.2011
საქართველოს პრეზიდენტმა მესტიაში ჰოსტელის ტიპის ახალი სასტუმრო დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი მესტიაში ჰოსტელის ტიპის ახალი სასტუმროს „ჰოსტელი სეტი"-ს გახსნას დაეწრო. მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო დაათვალიერა, მომსახურების პირობებს გაეცნო და აღნიშნა, რომ მსგავსი სასტუმროების აშენება აუცილებელია.
ახალ სასტუმროში, რომელშიც 8 ნომერი და 46 ადგილია, მიხეილ სააკაშვილმა ვარდების რევოლუციის კუთხეც გახსნა.
„ხშირად აინტერესებთ, თუ რა სარგებლობა მოიტანა ვარდების რევოლუციამ. ხალხი ქუჩაში გამოვიდა და თქვა, რომ აღარ შეეძლოთ უშუქობა, უგზოობა, კრიმინალურ გარემოში ცხოვრება და აღარ სურდათ უფუნქციო მთავრობა. არც სათანადო განათლების მიღების შესაძლებლობის გარეშე ცხოვრება იყო მათთვის მისაღები. ხალხი ქვეყნიდან ყველა მიმართულებით გარბოდა. ქვეყანაში ცინიზმი და უიმედო მდგომარეობა სუფევდა. ვარდების რევოლუციის სტენდისთვის ეს ძალიან კარგი ადგილია. ვარდების რევოლუციამ უკვე მესტიაშიც მოაღწია, თანაც ძალიან კარგი გზით. ვარდების რევოლუციამდე ორი კვირით ადრე, როდესაც მესტიაში საარჩევნო მიტინგი გავმართეთ, მითხრეს, რომ ხეობაში შემოსასვლელად, უფლება ადგილობრივი კრიმინალებისთვის უნდა მეთხოვა, რაზეც, მუქარის მიუხედავად, რა თქმა უნდა, უარი განვაცხადე. ამას გარდა, სვანეთში ჯიპებით ამოსასვლელად შვიდი საათი დაგვჭირდა. აქ მეტად ღირსეული ხალხი დაგვხვდა, რომელიც ცდილობდა წელში გამართული ყოფილიყო, მაგრამ სრულიად უიმედო მდგომარეობაში იყვნენ. რა თქმა უნდა, აქ დღესაც უამრავი პრობლემაა, მაგრამ შეადარეთ, რა იყო მაშინ და რა არის დღეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.