Google+

რელიზები

08.09.2011
მიხეილ სააკაშვილი პროფესიული სასწავლებლის განახლებული შენობის გახსნაზე სტუდენტებს გაესაუბრა

ფოთში რეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯის "ფაზისის" გახსნაზე, საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტებსა და სასწავლებლის პედაგოგებს გასაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მსგავსი კოლეჯები მოზარდებს კონკრეტულ პროფესიას აძლევს, რაც მათ დასაქმებისა და, მინიმუმ, საკუთარის თავის რჩენის საშუალებას მისცემს.

„როდესაც პირველი 500 - 1000 კაცი დასაქმდა, ყველა მიხვდა, რომ ჯერ კონკრეტული საქმე უნდა ისწავლო, რომ საკუთარ თავს და ოჯახს დაეხმარო. ადამიანმა რამდენიმე წელი უნდა იმუშაოს და შემდეგ თუ მოუნდება უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღება, წავიდეს და ისწავლოს... საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველა სასწავლებელზე გააკრეს უნივერსიტეტის, აკადემიის და სხვა უმაღლესი დაწესებულების აბრა. თავსაც იტყუებდნენ და სხვასაც ატყუებდნენ. ახლა ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. ახლა კონკრეტული დამსაქმებელი იძლევა ამა თუ იმ პროფესიის სპეციალისტებზე დაკვეთას. ანაკლიაში უკვე არის ერთი 100 ნომრიანი სასტუმრო, მთავრდება მეორე 50 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და მომავალ წელს იქნება 60 ნომრიანი სასტუმრო. 2013 წლისთვის კი, 1000 ნომრამდე ავალთ. სხვათა შორის, ქობულეთში, თემურ ჭყონიას სასტუმროში, რამდენიმე წელი წინასწარ ამზადებდნენ ხალხს, რომ ყველაზე კარგი სერვისი ჰქონოდა. უნდა შეიქმნას ერთიანი სტანდარტი. 1000 სასტუმრო ნომერი იმაზე მეტია, ვიდრე გასულ წლამდე იყო ბათუმში. ამ 1000 სასტუმრო ნომერს მინიმუმ რამდენიმე ასეული ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელმაც კარგად იცის ეს საქმე. აქ ძალიან ნიჭიერი ხალხია, სტუმართმოყვარეობაც არ გვეშლება, მაგრამ ახალგაზრდებს განსაკუთრებით სჭირდებათ მუდმივი სამუშაო ან თუნდაც დროებითი - ზაფხულის სეზონზე. სტუდენტსაც უნდა შეეძლოს მივიდეს, იმუშაოს და სწავლის ფული თავადვე შეაგროვოს. ამიტომ, ჩვენ მხოლოდ კურორტის ზონას კი არ ვანვითარებთ, ყველაფერს სისტემურად ვუდგებით: კურორტს, კურორტთან მისასვლელ ინფრასტრუქტურას ანუ გზებს (იმედია, მოკლე ხანში ყველა გზა მოწესრიგდება), ფოტის აეროპორტს, რათა ხალხი ჩამოვიდეს აქ და ფული დახარჯოს. ყოველივე ამას მოჰყვება მთავარი რამ - კვალიფიციური კადრები, რომლებიც ყველაფერს აამუშავებს და ეკონომიკას აამოძრავებს. სხვათა შორის, დავაკვირდი, რომ თავიდან ყველა წუწუნებდა იმის თაობაზე, რომ საქართველოში სერვისის დაბალი დონე იყო, მაგრამ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, სიტუაცია მკვეთრად შიცვალა. ხალხმა სხვაგვარად შეხედა ამ საქმეს. დარწმუნებული ვარ, რომ ორ წელიწადში ფრანგებს, იტალიელებსა და სხვა განვითარებული სერვისის მქონე ქვეყნებს არაფრით არ ჩამოუვარდებით. ე.ი. ვიქნებით უფრო მდიდრები, გვექნება უფრო კარგი შემოსავალი და, შესაბამისად, უკეთესი ხასიათიც", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილთან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად, განახლებული შენობის გახსნას ფოთის პორტის გენერალური დირექტორი და ანაკლიის დასასვენებელი კომპლექსის ოქროს საწმისის მენეჯერიც ესწრებოდნენ. კოლეჯის სტუდენტები პრაქტიკულ კურსს სწორედ ამ კომპანიებში გაივლიან და დასაქმდებიან კიდეც.

მიხეილ სააკაშვილი ფოთში მოსახლეობასაც შეხვდა და პროფესიული კოლეჯის მნიშვნელობაზე მათაც ესაუბრა.

„ვფიქრობ, კარგი სასწავლებელი გაიხსნა. ბავშვებმა უნდა იფიქრონ აქ სწავლაზე, რადგან, მინიმუმ, პროფესია ჰქონდეთ, რომელიც, სხვა თუ არაფერი, სახლში მაინც გამოადგებათ, ხოლო შემდეგ, თუ სურვილი ექნებათ უმაღლეს სასწავლებელშიც ჩააბარონ. მე ვნახე, რომ თეატრზე განახლდა მუშაობა. ასევე დავავალე, რომ ზემოდან ტაძრის მოოქროვებაც დაიწყონ, რათა ფოთს ჰქონდეს ყველაზე გაბრწყინებული ტაძარი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)