Google+

რელიზები

09.05.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში ახალი საინფორმაციო ცენტრი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში დღეს პროფესიული კოლეჯების საინფორმაციო ცენტრი გახსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას პროფესიის შერჩევასა და დასაქმებაში დაეხმარება. პროფესიული განათლების მიღების ნებისმიერ მსურველს უკვე შესაძლებლობა აქვს ამ ცენტრში გაიაროს რეგისტრაცია, აიჩიოს შესაბამისი კოლეჯი და დაეუფლოს ახალ პროფესიას; ხოლო კურსდამთავრებულები, ცენტრის მეშვეობით, ვაკანტურ ადგილებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიძიებენ.

მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის პროფესიული კოლეჯიც დაათვალიერა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად, კიდევ ერთი ასეთი სასწავლებლის  მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. პროფესიულ სასწავლებელში პრეზიდენტი დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა და ასევე მათ, ვინც პროფესიულ განათლებას ეუფლება. კოლეჯში სულ 25 ხელობას ასწავლიან. მიხეილ სააკაშვილმა აქ მიმდინარე ყველა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.  

მიხეილ სააკაშვილი დღესვე ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ესტუმრა, სადაც ქართულ ენას 80 ეთნიკური აზერბაიჯანელი ეუფლება. მათთან საუბრისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა პროფესიული წინსვლისთვის ქართული ენის საფუძვლიანი ცოდნა ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ქართული ენის შემსწავლელი გრძელვადიანი კურსები ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სწორედ პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარეობს.

„ის, რომ თქვენ ქართულ ენას ეუფლებით, ჩემთვის დიდი იმედის მომცემია. როდესაც უკვე გამოცდილ, ბევრის მნახველ ადამიანს, შრომის ვეტერანს ჯერ კიდევ შეუძლია ახლის შესწავლა და ახალი ინფორმაციის აღქმა, მათ შორის, ენის უკეთ შესწავლა, ჩვენთვის იმედის მომცემიც არის და შთაგონების წყაროც, მით უმეტეს, თუ ახალგაზრდებს აქვთ ამის სურვილი. ჩვენ გვინდა, რომ ქართველი აზერბაიჯანლები საქართველოში იყვნენ წარმატებული. ამისთვის, მათ უნდა იცოდნენ, რა თქმა უნდა, მათი წარმოშობის ენა ანუ აზერბაიჯანული და, რა თქმა უნდა, აუცილებელია იცოდნენ ქართული, რადგან ეს მათი ეროვნული ენაც არის. ჩვენ ერთმანეთისგან არ ვანსხვავებთ ქართველ აზერბაიჯანელებს ან სხვა ეროვნების წარმომადგენლებს. მათ ისევე ეკუთვნის საქართველო, როგორც დანარჩენ ქართველებს, მაგრამ იმისთვის, რომ ეს საბოლოოდ განმტკიცდეს, ქართული ენა მათი მეგზური უნდა გახდეს ცხოვრებაში. ასე რომ, თქვენ ძალიან დიდ საქმეს ემსახურებით თქვენსავე საქმეში და მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც აკეთებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში პარლამენტის მშენებლობაც მოინახულა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)