Google+

რელიზები

15.11.2010
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისი-ახალქალაქის ახლადაშენებული გზა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს თბილისი-ახალქალაქის 224-კილომეტრიანი გზა გახსნა. მიხეილ სააკაშვილი გზის გახსნას მეუღლესთან სანდრა ელისაბეტ რულოვსთან ერთად დაესწრო. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალი გზა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და, რაც მთავარია, მათ ინტეგრაციას დანარჩენ საქართველოსთან.  

„ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც ამერიკელებთან, ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან ერთად გავაკეთეთ. ეს ჩემი პირადი თხოვნა იყო 2004 წლის გაზაფხულზე. პირველი, რაც მომაფიქრდა იყო ეს - ჩვენ გვჭირდებოდა გზა რომელიც თბილისა და ახალქალაქს, თბილისსა და თურქეთის საზღვარს დააკავშირებდა ერთმანეთთან. ვფიქრობ, არც შევმცდარვარ. ამას ჰქონდა დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა, თუმცა გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ამას დიდი ისტორიული, პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ეს, მართლაც, ისტორიული დღე და ისტორიული გზაა. ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა ამ მიმართულებით არასდროს არ ყოფილა. ამიტომ, დანარჩენი საქართველოსთვის ის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ, შედარებით, ნაკლებად ცნობილი რეგიონია. მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, ეს რეგიონი, პრაქტიკულად, მოწყვეტილი იყო დანარჩენ საქართველოს. საქართველოს მთავრობებმა მანამდე ბევრი რამ გააკეთეს იმისათვის, რომ ეს რეგიონი გაუცხოებული და იგნორირებული ყოფილიყო. 2004 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ამიერიდან საქმე სწრაფად და კარგად წავა. უკვე დღეს იქ არსებული მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და ინტეგრაცია და მათი ეკონომიკური განვითარება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მსურს ამერიკის მთავრობას მთელი ჩვენი ხალხის სახელით გულწრფელი მადლობა გადავუხადო. ამერიკელებმა ჩვენთან ერთად ამ გზის მშენებლობას უფრო მეტი დრო მოანდომეს, ვიდრე ჩვენ დაგვჭირდებოდა, მაგრამ ძალიან გულდასმით აშენებდნენ. მოწმდებოდა გზის ყოველი მეტრი, ხარისხი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. ეს არის საუკეთესო ხარისხის გზა. ეს არის სტანდარტი, როგორიც უნდა იყოს ამის შემდეგ ყველა გზა საქართველოში. აქედან გამომდინარე, ამ გზას არა მარტო ცენტრის და რეგიონის ან საზღვრის დაკავშირების მნიშვნელობა აქვს, არამედ ეს იყო დიდი სამშენებლო სკოლა ჩვენი მშენებლებისთვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა საგზაო მოძრაობის ახალ წესებთან დაკავშირებით, რომლებიც 10 ნოემბრიდან ავტომენქანების მინების დაბურვის შეზღუდვას  ითვალისწინებს, ხოლო პირველი დეკემბრიდან - უსაფრთხოების ღვედების გამოყენების აუცილებლობას.

„ახლა დედჩემის ავტომანქანით ვმგზავრობ და შეგიძლიათ დააკვიდრეთ, რომ მისი მინები დაბურული არასდროს არ ყოფილა. თავდაპირველად, როდესაც  მინების დაბურვასთან დაკავშირებით კანონი შემოვიდა, ვერც კი გავიგე რატომ იყო აუცილებელი დაბურვის შემცირება. ამის თაობაზე ბევრი ვიფიქრე და ვანო მერაბიშვილთან ერთად ისეთ სტანდარტებზე შევთანმდით, რომ პრობლემა არავის არ შექმნოდა. თუმცა კარგად რომ დავფიქრდეთ, მხოლოდ ძალიან ჩამორჩენილ ქვეყნებში აქვთ ხალხს დაბურული მინები. ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში არავინ არ დადის ჩამუქებული და ჩაბნელებული მანქანებით - ეს არც მოდაშია, და არც რაიმე კარგის ნიშანია. ახლა კი, შეკრული ღვედებით, ახალქალაქისკენ მივემართებით", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ახლადგახსნილი გზას სომხეთისა და თურქეთის საზღვრამდე მიდის.  მნიშვნელოვანია ის, რომ 7-8 საათის ნაცვლად, რომელიც თბილისიდან ახალქალაქამდე ჩასასვლელად იყო აუცილებელი, ახალი გზით 2 საათნახევარიც საკმარისი იქნება. გზის გასწვრივ 200 ათასი ხე დაირგო. საგზაო სამუშაოებზე სამი ათასზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. გზის რეაბილიტაციაზე 209 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯა, რომელიც მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა დააფინანსა.   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)