რელიზები
12.11.2010
მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ახალი სახლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში დღეს ახალი საცხოვრებელი სახლის „იტალია კაზას" საძირკველი, პროექტის ავტორებთან ერთად ჩაუყარა. სახლის პროექტის ავტორი იტალიელი არქიტექტორი მექელე დე ლუკია, ხოლო მშენებლობას თიბისი და საქართველოს ბანკები ერთობლივად აფინანსებენ.
„ეს პირველი პრეცედენტია იმისა, რომ მაღალი კლასის უცხოელმა არქიტექტორმა კერძო სახლი დააპროექტა, რაც სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის. ჩვენ გვინდა, რომ სახლები მაქსიმალურად იაფი ღირდეს, რათა ხალხს მათ შესაძენად ხელი მიუწვდებოდეს, მაგრამ ბათუმი ისეთი ადგილია, სადაც ყველა ახალი სახლი მოვლენა უნდა იყოს. ასეთი მხოლოდ ერთი ქალაქი და ერთი ქვეყანაა, ამიტომ, ყველა მშენებელმა უნდა იცოდეს, რომ საკუთარი ქვეყნის გალამაზებაში შეაქვს უმნიშვნელოვანესი წვლილი. აქაც და მიმდებარე ტერიტორიაზეც ერთი დიდი ჭაობი იყო, სადაც ამ წლის თებერვალში დავიწყეთ გამზირის მშენებლობა. შეხედეთ როგორი ფართო გამზირი გამოვიდა და როგორი წარმოუდგენელი ადგილებია ირგვლივ. თვალწინ ყველას მსოფლიო შედევრი ექნება. ჩვენი მოვალეობა იყო გზის გაყვანა, ლამაზი არკის დადგმა, შუშის სტრუქტურის აშენება და რაც მთავარია, ყველაფერს თამარ კვესიტაძე დააგვირგვინებს. თქვენ ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ ამ საცხოვრებელი სახლის მშენებლობით. ქობულეთში ხვალ 20 ახალი სასტუმროს მშენებლობის პროცესი იწყება და ეს პროცესი შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამდენი სასტუმრო მთლიანად - 1991 წლიდან 2003 წლამდე პერიოდში არ აშენებულა. მარტო ამ თვეში კი ამდენი მშენებლობა ერთ ადგილზე - ქობულეთში დაიწყება. ასევე ვგეგმავთ მშენებლობების დაწყებას მესტიაში, ანაკლიაში, თბილისში აღარც ვითვლით - პროცესი ავტომატურად მიმდინარეობს და კიდევ ბევრ ადგილზე. ეს ადგილი არა მარტო ბათუმის, არამედ ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ლამაზი ადგილი იქნება. მოვა დრო და ამას აღიარებს ევროპაც და მსოფლიოც. მარბელიაში, ესპანეთში, ჯერ დაიდგა სალვადორ დალის რამდენიმე ქანდაკება და ახალი ქალაქი, პრაქტიკულად, მათ გარშემო აშენდა. აქ დადგება თამარ კვესიტაძის (რომელიც ახლა ხდება მსოფლიო ვარსკვლავი, თუმცა უკვე ძალიან ცნობილი და სახელოვანია) ქანდაკება, რომელსაც მოსდევს ეს კონსტრუქციები, უკან თქვენი სახლი და ამ სახლის გარშემო აშენდება ყველაფერი დანარჩენიც. გეგმაში გვაქვს უკან ოთხი, 40-სართულიანზე მაღალი შენობის აშენება, მათ შორის სასტუმროების, საცხოვრებელი სახლების... წარმოიდგინეთ როგორი გამზირი გვექნება საქართველოში. ჩემი აზრით ამ გამზირის მშენებლობაზე 5-6 ათასი ადამიანი დასაქმდება. ეს კი აადგილობრივ ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციაა. ხშირად მაკრიტიკებენ: რა პრეზიდენტის საქმეა შენობების ხიმინჯების თვლა და ამის ცოდნაო. მიმაჩნია, რომ როდესაც რაღაც კონკრეტულს აშენებ და ქმნი, გიხარია და გინდა, რომ მეტი იცოდე. ჩვენი საქმეა ყველაფერი კონკრეტულად ვიცოდეთ და დაწყებული საქმეები ბოლომდე მივიყვანოთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
„იტალია კაზაში" 47 ბინა განთავსდება. პროექტს ახალი სამშენებლო კომპანია ახორციელებს და მშენებლობაზე 6 მილიონი ლარი დაიხარჯება.