Google+

რელიზები

11.11.2010
საქართველოს პრეზიდენტმა სოფელ შამგონაში ახლადაშენებული სკოლა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში ახლადგახსნილი სკოლა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან ერთად დაათვალიერა. ძველი სკოლა 1919 წლიდან ფუნქციონირებდა, რომელიც სიძველის გამო ექსპლუატაციისთვის უვარგისი იყო.

ახალი სკოლა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, საკლასო ოთახები აღჭურვილია ახალი სასკოლო ინვენტარით, კეთილმოწყობილია სპორტული დარბაზი. სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორია და ინფორმაციული ტექნოლოგიების ოთახი, რომელშიც 16 კომპიუტერი დგას. ორ მოსწავლეს ნუკრი შონიასა და მარიამ შამუგიას მიხეილ სააკაშვილმა პორტატული კომპიუტერები გადასცა - ნუკრი შონია კონკურსის „ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია" გამარჯვებულია, ხოლო მარიამ შამუგია - სკოლის საუკეთესო მოსწავლე.

„ოროსნები ქუჩებში დგანან და ცდილობენ ბუნტის მოწყობას, სხვები კი სწავლობენ და ცდილობენ ცხოვრებაში ბევრს მიაღწიონ, რათა საკუთარი ქვეყანა ასახელონ. მათ ჯინზე, ვინც მეორე მხრიდან დურბინდებით გიყურებთ, ამ სკოლიდან ყველაზე კარგები გამოხვალთ, ამაში დარწმუნებული ვარ. ვიდრე სახლებს დავიბრუნებთ, მანამდე მათ ჭკუით უნდა ვაჯობოთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა, როდესაც კონკურსში გამარჯვებულ ნუკრი შონიას აჯილდოებდა.

პროგრამა „ალუმნაის" ფარგლებში 1983 წლის კურსადამთავრებულმა ჯიმშერ ღურწკაიამ, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს,  სკოლას უნიკალური ფიზიკის ლაბორატორია გადასცა. მისივე დაფინანსებით, სკოლის ფიზიკის მასწავლებელი გადამზადებას გერმანიაში გაივლის, რათა მოსწავლეებს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიაროს. დღესვე,  ფიზიკის მასწავლებელი, რომელიც უკვე 10 წელია შამგონის სკოლაში მუშაობს, პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

„ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ჯიმშერ ღურწკაიასნაირი ხალხი შამგონიდან სხვაგან არ წავიდეს და საქართველოში შეძლოს მსგავსი დანადგარების წარმოება. ამისთვის უმაღლესი სტანდარტების ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გვჭირდება, რათა აქვე მოვამზადოთ კარგი ინჟინრები. თითო ინჟინერს 5-7 ტექნიკოსი სჭირდება, ამისთვის კი, გამართული ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლებია აუცილებელი. ასეთი ინსტიტუტები გვაქვს კიდეც და ისინი უნდა გავაუმჯობესოთ, რათა  ელემენტარულ რამეზე სხვაგან არ გვიწევდეს წასვლა. თუკი შამგონაში გაზრდილ ადამიანს ამის გაკეთება გერმანიაში შეუძლია, საქართველოში რატომ არ უნდა შეეძლოს? საამისოდ შესაბამისი პირობები უნდა შევქმნათ. ჩვენ ეს საქმე დაწყებული გვაქვს და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სოფელი შამგონა  მდინარე ენგურსა და რუხისწყალს შორის მოქცეულ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი  ერთადერთი კუნძულია. შამგონა ესაზღვრება გალის რაიონის სოფლებს სიდასა და თაგილონს. პრეზიდენტმა რუსულ-ქართულ ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოკუპანტების დიდი სურვილის მიუხედავად, ამ ადგილს საზღვარი არ უნდა ეწოდოს.

„აქვეა ოკუპაციის ხაზი, სადაც ქართულ მიწაზე ოკუპანტები არიან მომსხდარი. ვინც ამბობს, რომ ისინი ღიზიანდებიან და ამის გამო არც ჯაშუშები უნდა დავიჭიროთ და არც ღირსებაზე ვილაპარაკოთ, ძალიან ცდება. კარგად უნდა დავაკვირდეთ იმას, რაც გარშემო ხდება - ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკას მათთან პრობლემები აქვს. ჩვენ რომ მათთან ყველაზე მეტი პრობლემა გვაქვს, გასაკვირი არც არის, რადგან ჯერ ერთი, ქართველები ყველაზე დამოუკიდებელი ხალხია საბჭოთა რესპუბლიკებს შორის და მეორეც, ჩვენ გვაქვს ყველაზე ლამაზი ქვეყანა. მათ უნდათ, რომ ამ სილამაზეს დაეუფლონ. ეს ჩვეულებრივი რამ არის - ეს მათი ინსტინქტია. ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ მათ სააკაშვილი არ მოსდით თვალში, რომელიმე ფიზიკური პარამეტრი ან ჩვენი პოლიტიკა არ მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ ზღვაზე გასვლა და ჩვენი ლამაზი ქვეყნის მისაკუთრება სურთ. იმაზე მეტად როგორ უნდა გაფუჭდეს ურთიერთობა, როდესაც დღეს ამ ულამაზესი სკოლის ფანჯრებიდან ჩვენს ოკუპირებულ მიწებს ვხედავთ. ამაზე მეტად როგორ უნდა დაიძაბოს ურთიერთობა, როდესაც დაპყრობილი აქვთ შენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი, მათ შორის, შუაზე აქვთ გაყოფილი ეს სოფელი. ახლა უკვე თუ გაუმჯობესდება ურთიერთობა, თორემ რისი დაშავებაც შეეძლოთ, მათ უკვე ყველაფერი დაგვიშავეს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა „ამას ნუ ვუწოდებთ საზღვარს - ეს არის ოკუპაციის დროებითი ხაზი. მათ სურთ, რომ აქ საზღვარი იყოს, რადგან მათი უსინდისობა უსაზღვროა. საზღვარი არ შეიძლება გადიოდეს თხილის ბაღში და პლაჟზე. ნებისმიერი ცივილიზებული კანონით ეს შეუძლებელია".




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)