Google+

რელიზები

10.11.2010
საქართველოს პრეზიდენტმა სპორტული კომპლექსი „შევარდენი" დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე რაგბის ახლადაშენებული კომპლექსი „შევარდენი" დაათვალიერა, რომელიც ოფიციალურად 18 ნოემბერს გაიხსნება. პრეზიდენტი რაგბის ახალგაზრდული ნაკრების წევრებს გაესაუბრა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება პირადად მიულოცა. მიხეილ სააკაშვილი მათ  ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას დაპირდა. მან ახალგაზრდებს ისიც აღუთქვა, რომ სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობა მთავრობისათვის პრიორიტეტული იქნება.

„სპორტის ამ სახეობაში მგონი გინესის რეკორდი დავამყარეთ, რადგან ადრე მხოლოდ ერთი მოედანი გვქონდა და ერთი მოედნის გუნდი მსოფლიო კლასის ნაკრები გახდა. საფრანგეთში რაგბის ბოლო ჩემპიონატს დავესწარი და უნდა ვთქვა, რომ იქ საქართველოს ნაკრებს ცალკე ფანკლუბი ჰყავდა. რაგბს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში - ინგლისში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში... მინდა დიდი მადლობა გითხრათ თქვენი ვაჟკაცური  განცხადებისთვის, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გააკეთეთ - რომ თქვენი გამარჯვება 2008 წელს დაღუპული ბიჭების ხსოვნას მიუძღვენით. ეს საქართველომ დააფასა.  სპორტის ზოგიერთ სახეობაში ზოგს ჰიმნსაც ვერ ამღერებ. ჩვენი მორაგბეები სწორედ იმიტომ იგებენ, რომ ჰიმნიც იციან და საქართველოს სახელითაც ამაყობენ. როდესაც სიამაყის გრძნობა გაქვს, წაგება არ გინდა. ჩვენ ვიწყებთ რაგბის მოედნების მშენებლობას ფოთში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, გორში. 2012 წელს სერიოზული ინფრასტრუქტურა - 19 მოედანი გვექნება. ამ სპორტით ბავშვებიც დაინტერესდებიან, როდესაც სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილებს სპორტი ჩაანაცვლებს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.  

რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამით, დაგეგმილია თბილისის მასშტაბით 12 სტანდარტული სათამაშო-სავარჯიშო სარაგბო ბაზის მოწყობა. სარაგბო მოედნები აშენდება ასევე ფოთში, რუსთავში, გორში, თელავში, სენაკში, ქუთაისში, ბათუმსა და მარტყოფში. 2012 წლისთვის სარაგბო ინფრასტრუქტურის პროექტი საქართველოს მასშტაბით მთლიანად დასრულდება.

მიხეილ სააკაშვილმა ისანი-სამგორის რაიონის განვითარებაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მიტოვებული და გაუბედურებული რაიონი, დღეს ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ადგილი გახდა.  

„თავად ვიყავი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე რევოლუციამდე - წარსულ, ჩაბნლებულ დროში და ეს ყველაზე კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი რაიონი იყო არა მარტო თბილისის, არამედ საქართველოს მასშტაბით. ძველი სტერეოტიპებით, სახელიც შესაბამისად ჰქონდა შერჩეული - აფრიკა, რომლის იქით, აღარაფერი იყო. ბოლო ხანებში აქ გავხენით ტექნიკური სასწავლებელი „სპექტრი", სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია გადამზადება გაიაროს. ამ ცენტრის შემდეგ, მათი აბსოლუტური უმეტესობა სამსახურს შოულობს. აქვე გავხსენით საცურაო კომპლექსი „ოლიმპიკი", სადაც რაიონის სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს უფასოდ დავურიგეთ აბონიმენტები, რათა აქ სიარული მათთვის ხელმისაწვდომი იყოს. ასევე გაკეთდა სტადიონი, აშენდა ძველზე ბევრად უკეთესი კორტები და სანაპიროზე მდებარე კორტები ამ რაიონში გადმოდის, ასევე, ძიუდოს დარბაზი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გაკეთდა გზები და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. ერთი სიტყვით, თბილისის ყველაზე ცუდი საცხოვრებელი რაიონი, რომელიც დასახლებული იყო სოციალურად ყველაზე მეტად დაუცველი ხალხით (თუმცახალხს დღესაც ძალიან უჭირს), საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ რაიონად გადაიქცა. სხვათა შორის, პირადად ჩემთვის  ეს ძალზე მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია", - განაცხადა პრეზიდენტმა.     




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)