საქართველოს პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების ახალი დაწესებულება დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს მსჯავრდადებულ ქალთა რუსთავის სასჯელაღსრულების ახალ დაწესებულებას სტუმრობდა. მიხეილ სააკაშვილი პატიმრებისთვის შექმნილი პირობებით დაინტერესდა და საპატიმროს გარდა, სამედიცინო დანიშნულების ოთახები, სასეირნო ბილიკებით მოწყობილი ეზო, სკვერი, ჩოგბურთის კორტები, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები დაათვალიერა. პრეზიდენტმა მაღაზია და ის სასადილოც მოინახულა, სადაც პატიმრებისთვის სადილი მომზადდება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მათ საკმაოდ კარგი კვება ექნებათ. მისი თქმით, აქ დაცულია ადამიანების უფლებები, მათ შორის მათი, ვისაც საზოგადოების წინაშე გარკვეული მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.
„როდესაც მე და გია არსენიშვილმა აქ 12 წლის წინათ აქვს ახლოს გავხსენით ციხე, ოდნავ მსგავსი პირობებიც კი არ იყო. მაშინ პატიმრებს ოჯახის წევრები კვებავდნენ. ასეთ მაღალხარისხიან საკვებს, შესაძლოა, საქართველოს ოჯახების საკმაოდ დიდი რაოდენობა ვერ იღებდეს ყოველდღიურად. აქ შეიძლება სოციალური სამართლიანობის საკითხიც დადგეს: ის, ვინც რომელიღაც ოჯახი გააუბედურა, ადამიანი მოკლა, დავუშვათ, ნარკოტიკებზე შესვა მთელი უბანი, სოფელი, რაიონი, სახელმწიფოს ხარჯზე ზის და ასე იკვებება. არის თუ არა ეს სამართლიანი? ეს სერიოზული კითხვაა. ზოგადად, პატიმრები ყველას ეცოდება, მაგრამ საბოლოოდ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, შენს შვილს რომ გააუბედურებენ, გააუპატიურებენ, მოკლავენ, საქმეს სხვაგვარად უყურებენ. თუმცა ჩვენი ასეთი მიდგომა განგვასხვავებს პოსტ საბჭოთა სივრცის ჭაობისგან - უბრალოდ, შეიძლება, გარკვეული პირობები იმ ხალხსაც შეუქმნა, ვინც ამას არ იმსახურებს. ბევრს ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ ბოლო წლებში საქართველოში ციხის კონტიგენტი საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა თუ დააკვირდებით, რამდენჯერაც გაიზარდა ციხის კონტიგენტი, იმაზე მეტი პროპორციით შემცირდა დანაშაული. ამიტომ დავფიქრდეთ, ვიდრე პატიმართა რაოდენობის თაობაზე ერთ ამბავს ავტეხავთ. ეს არც ჩვენ გვსიამოვნებს. სახელმწიფოს ახალი ციხეები აქვს ასაშენებელი და ბევრი რამ არის გასაკეთებელი. დავსვათ შეკითხვა, გვსურს თუ არა ბავშვებს ქუჩაში უსაფრთხოდ ვუშვებდეთ, გული არ გვისკდებოდეს ჩვენი ოჯახის წევრების დაგვიანების გამო, მანქანას არ ვკეტავდეთ ხუთმაგ გისოსებში და მთელი ღამე ფხიზლად გვეძინოს გაქურდვის შიშით, გზად ფულს არ გვძალავდნენ სხვადასხვა თანამდებობის პირები და კორუმპირებულები ციხეში ისხდნენ. თუ ყოველივე ეს გვინდა, გვჭირდება ციხეები, მაგრამ ისეთი, როგორიც ცივილიზებულ ქვეყანას შეეფერება. პენიტენციალური დეპარტამენტისა და სამინისტროს გარშემო ჩვენ შევქმენით სისტემა. ამბობდნენ, რომ ვერასდროს დავამარცხებდით ქურდებს; რას არ ამბობდნენ, მაგრამ ყველა ექსპერტი აღიარებს, რომ ჩვენი სისტემა პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესოა დისციპლინით, არაკორუმპირებულობით და შესაბამისი პირობებით, მათ შორის, კვებით", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
სასჯელარსრულების ახალ შენობაში დიდი ყურადღება დაეთმობა პატიმართა ჯანმრთელობას. აქ შემნილია სხვადასხვა სამედიცინო კაბინეტები, არის გინეკოლოგიური და სტომატოლოგიური კაბინეტი, სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიები. ცალკე ფლიგელი აშენდა ქრონიკული ტუბერკულიოზით დაავადებული პატიმრებისათვის. ცალკეა კორპუსი იმ პატიმრებისთვის, რომლებსაც ჩვილი ბავშვები ჰყავთ. ბავშვის აღზრდისთვის აქ ყველა პირობაა შექმნილი და და პატიმრებს საშუალება ექნებათ, რომ საკუთარი შვილები 4 წლამდე გაზარდონ. ახალი საპატიმრო ექსპლუატაციაში უახლოეს მომავალში შევა.
ახალი დაწესებულება 1200 მსჯავრდადებულს დაიტევს. რამდენიმე კორპუსისგან შემდგარი საპატიმრო კომპლექსი, სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. უახლოეს მომავალში, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გაიხსნება ბიბლიოთეკა. ასევე, გაიხსნება სპეციალური საამქროები, რათა პატიმარმა ქალებმა სხვადასხვა პროფესია შეისწავლონ, რის შემდეგაც მათ ამ საამქროებში დაასაქმებენ და შესაბამის ანაზღაურებასაც მისცემენ.
საქართველოს პრეზიდენტთან და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან ერთად სასჯელაღსრულების ახალ დაწესებულებაში სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ. შენობა ასევე პარლამენტის წევრებმა და სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.