Google+

რელიზები

06.11.2010
საქართველოს პრეზიდენტი რეზო გაბრიაძის თეატრის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს რეზო გაბრიაძის თეატრის 30 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო. თეატრი უკვე სრულადაა რეაბილიტირებული - შენობაში მთლიანად გამოიცვალა საკომუნიკაციო სისტემა.

„სამი წლის წინათ, მახსოვს, შემოდგომის ასეთივე მზიანი საღამო იყო, როცა კაფეში ბატონ რეზოსთან ერთად ვისხედით. უცხოური დელეგაცია გვყავდა და სწორედ მაშინ საუბრობდა,  რომ ამ საათის კეთებას იწყებდა. ამ საათს ის გულდასმით და ძალიან დიდი ყურადღებით აკეთებდა. იმას გარდა, რომ მისი სახით ჩვენ გვყავს გენიალური რეჟისორი და შემოქმედი, მწერალი და მართლაც მსოფლიო მოვლენა - ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელოვანი საქართველოში, ბატონი რეზო ძალზე გამბედავი და მტკიცე ადამიანია. ამ წლების განმავლობაში მან გადაიტანა ცხრა უმძიმესი ოპერაცია, მაგრამ  ამ კოშკზე  მუშაობა არ შეუწყვეტია. აი, როგორ მოიქცა ნამდვილი გენიოსი და  დიდი ხელოვანი. მე ბევრი კოშკი მინახავს პრაღაში, მიუნხენში... კოშკი ბათუმშიც გვაქვს, მაგრამ შეხედეთ ამ კოშკს! ყველამ შეხედოს, ვისაც ჰგონია, რომ  თბილისში, საქართველოში მსოფლიო კლასის არაფერი არ შეიძლება იყოს. რომელი ერთია ამაზე კარგი? შეიძლება პრაღა უწევდეს კონკურენციას, მაგრამ ეს, თავის მხრივ, მართლაც მსოფლიოს სასწაულია. გენიალურობისა და გარკვეული გარემოებების ერთმანეთთან თანხვედრა, ყოველთვის შედევრს ქმნის. გაზვიადების გარეშე მინდა ვთქვა, რომ ეს მართლაც შედევრია. გავა ასწლეულები და ჩვენ აღარ ვიქნებით, ეს საათი კი სამუდამოდ დარჩება.

ბატონო რეზო, თქვენ შექმენით ძველი თბილისის ცენტრი, რომლის გარშემო ყველაფერს აღვადგენთ. ფაქტობრივად, ჩვენ თავიდან გვიწევს შენება, რადგან ხის სახლები, რომლებიც აქ იდგა უბრალოდ დალპა და არავინ იცოდა, როდის ჩამოიშლებოდა ისინი. უმეტესობა, პრაქტიკულად, მთლიანად დაინგრა და ახალი შენობები აშენდა, რომლებიც ზუსტად იმეორებს მათ ძველ სტილს. უკვე სრულად გამოიცვალა წყლის სისტემა, იცვლება სხვა სისტემებიც. ერთი სიტყვით, თუკი გული გვწყდებოდა, რომ არ გვქონდა ისეთი უბნები, როგორიც დიდ ევროპულ ქალაქებსა და მთელ მსოფლიოშია, თბილისს ახლა, ამ წლებში ეძლევა. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასამთავრებელი და ერთი-ორი წელი გვჭირდება, რომ ყველაფერმა საბოლოო სახე მიიღოს. დასრულების შემდეგ, როდესაც წამოვალთ „პლეხანოვიდან“, გამოვივლით „ვორანცოვს“, შემდეგ ხიდს გადმოვალთ და ანჩისხატის გავლით დანარჩენ ძველ თბილისში აღმოვჩნდებით. ერთი სიტყვით, კეთდება ტურისტული მარშუტი და მთელ გზას ისე აღვადგენთ, რომ არც ერთი ულამაზო სახლი აღარ შეგვხვდება. ეს კოშკი კი, ამ სილამაზეს დააგვირგვინებს და ხალხი ყველა მხრიდან წამოვა აქეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კოშკის მშენებლობის იდეა, დიზაინი და საათის ესკიზი რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის. კოშკზე დამონტაჟებული თაბაშირის ანგელოზი ყოველ საათში ზარს დარეკავს, ხოლო ყოველი დღის 12 საათზე მექანიკური სპექტაკლი გაიმართება. კოშკის პრეზენტაცია საზეიმო ვითარებაში მოეწყო და მას პრეზიდენტი ქალაქის მერთან ერთად დაესწრო.  ღონისძიებას უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, ის რუსი რეჟისორები, რომლებიც რუსული კინოს ფესტივალის ფაგლებში სტუმრობენ საქართველოს.

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)