რელიზები
11.09.2010
ქობულეთის ფიჭვნარში ტურისტული კომპლექსი აშენდება
ქობულეთის ფიჭვნარში ტურისტული კომპლექსი აშენდება. 27 ახალი შენობა ქობულეთის შესასვლელში განთავსდება. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მიწას ბიზნესმენებს სიმბოლურ ფასად გადასცემენ.
"ყველამ კარგად დამიგდოს ყური, ვისაც სახლში ან სადღაც ბანკში უდევს რამდენიმე მილიონი დოლარი. ბანკში და მუთაქაში ფული არც მოიმატებს და შეიძლება დაკარგოთ.
ჩვენ გთავაზობთ პროექტს, რომლითაც ეს ფული შეიძლება უახლოეს წლებში მინიმუმ გააორმაგოთ. მე გთავაზობთ - გავალამაზოთ ჩვენი ქვეყანა, დავასაქმოთ ხალხი და გავაორმაგოთ თქვენი ქონება.
ამისათვის უფასოდ გამოგიყოფთ მიწას აქ, ქობულეთის ფიჭვნარში, უფასოდ მოგიყვანთ წყალს და სხვა კომუნიკაციებს, უფასოდ გაგიკეთებთ პროექტებს და რაც მთავარია, თუ მშენებლობა დაიწყება, პირველ ნოემბრამდე და აიღებთ ვალდებულებას, რომ მომავალი წლის პირველ აგვისტომდე ამას განავითარებთ, შემდეგი 15 წლის განმავლობაში გათავისუფლდებით გადასახადებისგან.
ამხელა სივრცე უაზროდ დაკარგულია, გაანძრიეთ ხელი და დაასაქმეთ ხალხი. ჩვენი ინტერესი ტურისტების განთავსებაა.."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.