Google+

რელიზები

03.10.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთში ქართულ დიასპორას შეხვდა

საბერძნეთში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ათონის ივერთა მონასტერი მოინახულა. ქართველთა ერთ დროს უძველეს სალოცავში ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, პირველად საუკუნეების შემდეგ, ქართულ ენაზე იქადაგა.

მიხეილ სააკაშვილმა ათონის ეპისკოპოსს საჩუქრად ხატი და საქართველოს შესახებ ილუსტრირებული წიგნი გადასცა. ეპისკოპოსმა პრეზიდენტის სტუმრობა გიორგი მთაწმინდელის გზის გაგრძელებად და ისტორიულ მოვლენად შეაფასა. მიხეილ სააკაშვილმა ექვთიმე მთაწმინდელის ხელნაწერები ნახა და თორნიკე ერისთავის აბჯრის ნაწილები დაათვალიერა.

ათონის მონასტრიდან საქართველოს პრეზიდენტი თესალონიკში გაემგზავრა, სადაც ქართულ დიასპორას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თესალონიკში გაიხსნა საქართველოს გენერალური საკონსულო, რომელიც იქ მცხოვრებ ქართველებს ორმაგი მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარება. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ის ოცი ათასი ბერძენი გაიხსენა, რომლებიც სოხუმში ცხოვრობდნენ და აფხაზმა სეპარატისტებმა გამოაძევეს. მისი განცხადებით, სოხუმში ყველა მათგანი უნდა დაბრუნდეს.

"ჩვენ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ საკუთარ სახლებში - აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ ეს სახლები და ჩვენი ტერიტორია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სახლებს ვერავის ვაჩუქებთ. ჩვენ გვაქვს პროგრამა სახელწოდებით "ჩვენი სახლი" და მინდა, რომ ამ პროგრამაში თითოეული თქვენგანი ჩაერთოს. თესალონიკში გაიხსნა საქართველოს გენერალური საკონსულო, რომელიც უპრობლემოდ მოგემსახურებათ. საკონსულო ჩვენი წარმომადგენლობაა და ძველი დროისგან განსხვავებით, მისი თანამშრომლები იმისათვის არიან, რომ საქართველოს მოქალაქეებს ღიმილით მოემსახურონ. ჩვენი ამოცანაა, ჩაგრთოთ პროგრამაში "ჩვენი სახლი" და მოგცეთ ქონების სერთიფიკატები. თქვენ იცით, რომ ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცესი ძალიან გამარტივდა და უკვე ორმაგი მოქალაქეობის რამდენიმე ათეულ აქტს მოვაწერე ხელი. მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ შეიტანოთ განცხადებები ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად. ეს რამდენიმე კვირიანი პროცედურაა, რომლის გავლის შემდეგ საქართველოს პასპორტს აიღებთ", - განუცხადა მათ მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ქუთაისელი ქალბატონის ნანა ძიძიგურის კითხვასაც გასცა პასუხი და აღნიშნა, რომ ქუთაისში, ისევე როგორც ბათუმში, ზუგდიდში, სიღნაღსა და საქართველოს სხვა ქალაქებში დიდი აღმშენებლობის პროცესი იწყება. მიხეილ სააკაშვილი დაპირდა მას, რომ ერთი წლის შემდეგ ქუთაისიც საგრძნობლად შეიცვლება და ქვეყნის სხვა ადგილების მსგავსად, ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი გახდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)