Google+

რელიზები

10.11.2007
საქართველოს მთავრობის პრეს-რელიზი - ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები - პასუხი საფრთხეზე საქართველოს ლიბერალური დემოკრატიისთვის

2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგს საფრთხე დაემუქრა, რის გამოც საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა. ვინაიდან, არსებული საფრთხეც და, აქედან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობა, მნიშვნელოვან ხიფათს უქმნის ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება დაენიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, და ამით თავისი საპრეზიდენტო ვადა 1 წლით შეემცირებინა.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო იმისათვის, რომ საქართველოს მთელმა მოსახლეობამ ღიად, გამჭირვალედ და დემოკრატიულად აირჩიოს მომავლის საუკეთესო გზა.

იმისთვის, რომ 2008 წლის 5 იანვარს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდეს, პრეზიდენტმა მოუწოდა ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასა და ინსტიტუტს ამ არჩევნებზე მოავლინონ თავიანთი დამკვირვებლები. ამასთანავე, პრეზიდენტმა წამოაყენა საერთო-სახალხო პლებისციტის ჩატარების წინადადება, რათა ამომრჩევლებმა თავად განსაზღვრონ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი. ეს გადაწყვეტილება ეხმიანება ოპოზიციის ერთ-ერთ მოთხოვნას, რომ საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის გაზაფხულზე, ანუ კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადამდე ექვსი თვით ადრე ჩატარებულიყო.

საქართველოს მთავრობა შექმნის ყველა აუცილებელი პირობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა კანდიდატს, ვინც საკონსტიტუციო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

პარლამენტის სპიკერის ნინო ბურჯანაძის მცდელობა დაერწმუნებინა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ჩართულიყვნენ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ დიალოგში, ამჯერად წარმატებით დასრულდა. ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლებას გადაწვეტილი აქვს, რომ საგანგებო ვითარება გააუქმოს რამდენიმე დღეში, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ამას პარლამენტის მიერ დამტკიცებული 15 დღიანი ვადა ითვალისწინებს.

ამჟამად, მდგომარეობა თბილისში, ისევე როგორც მთლიანად ქვეყანაში, მშვიდი და სტაბილურია. საავტომობილო მოძრაობა აღდგა ჩვეულ რეჟიმში. ყველა სამართალდამცავი ქვედანაყოფი დაუბრუნდა თავისი ძირითადი დისლოკაციის ადგილებს.

საზოგადოებრივი ტელე და რადიომაუწყებლობა თავისუფლად ხელმისაწვდომია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, დამოუკიდებელი ბეჭვდითი მედია მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში. შეცდომით გავრცელებული ზოგიერთი ცნობის საპირისპიროდ, ყველა საერთაშორისო ტელეკომპანია (სი-ენ-ენი, ბიბისი, ევრონიუსი), ისევე როგორც საკაბელო და სატელიტური სადგურები, შეუფერხებლად მაუწყებლობენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

კონსტიტუციით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის შემოღება, აუცილებელი გახდა იმისათვის, რათა ქვეყანა ქაოსში არ ჩაფლულიყო და დაცული ყოფილიყო კონსტიტუციური წესრიგი.

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა უპასუხისმგებლო განცხადებებით დემონსტრანტთა ნაწილი ძალადობისა და კანონის დარღვევისაკენ წააქეზეს. ვინაიდან ისინი, მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა დამორჩილებოდნენ სამართალდამცავთა მოთხოვნებს, განაგრძნობდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, მათ გასაფანტად გამოყენებულ იქნა სპეციალური დანიშნულების რაზმი. აქციის ორგანიზატორთა მხრიდან ყველაზე სერიოზული კანონდარღვევა იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი მოსახლეობას გამუდმებით მოუწოდებდნენ ძალადობისაკენ.

ძალის გამოყენება ამ შემთხვევაში ვითარების სტაბილიზაციის მტკივნეულ, თუმცა აუცილებელ და კონსტიტუციურ ზომას წარმოადგენდა.

7 ნოემბერს, დემონსტრაციის დაშლის შედეგად 500-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის 28 პოლიციელს, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მათგან 450-ზე მეტი იმავე დღეს გაეწერა სამკურნალო დაწესებულებებიდან. ამჟამად, სამკურნალო დაწესებულებებში მკურნალობას განაგრძობს 10 მოქალაქე, მათ შორის 4 - სამართალდამცველი.

საქართველოს მთავრობა ნოემბრის მოვლენებს ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და მთავრობის დამხობის მცდელობად აფასებს, რომელშიც მონაწილეობდა რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც მხარს უჭერდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური და აფინანსებდა რუსი ოლიგარქი არკადი (იგივე ბადრი) პატარკაციშვილი.

უამრავი სამხილი არის შეგროვებული იმის დასადასტურებლად, რომ რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი თანამშრომლობდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან. პატარკაციშვილმა თავის მიმართვაში განაცხადა, რომ ის მის ხელთ არსებულ ყველა რესურს გამოიყენებდა, რათა, როგორც ნათქვამია ამ მიმართვაში, „საქართველო გაეთავისუფლებინა ფაშისტური რეჟიმისგან." შესაბამისად, ტელერადიოკომპანია „იმედი", რომლის მფლობელიც პატარკაციშვილია, გამოყენებულ იქნა დესტაბილიზაციის, ძალადობისა და მთავრობის დამხობისკენ მრავალჯერადი მოწოდებების გავრცელების ინსტრუმენტად.

საქართველოს მთავრობა ადასტურებს თავის მტკიცე ნებას განაგრძოს რეფორმების ამბიციური პროგრამის განხორციელება, მყარი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბება და ამით სახელმწიფოს შეუნარჩუნოს წამყვანი რეფორმატორის პოზიციები.

დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლის ამ რთულ ეტაპზე, საქართველოს მთავრობა მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს თავის მეგობრებსა და მოკავშირეებს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)