შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 30-ე გენერალური ასამბლეის სხდომა
საქართველო შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 30-ე გენერალური ასამბლეის სხდომას მასპინძლობს. დღეს სასტუმრო ქორთიარდ-მარიოტში ასამბლეის ბიუროს 37-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე უძღვებოდა. მან მნიშვნელოვანი შეფასება მისცა იმ ფაქტს, რომ შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 30-ე გენერალური ასამბლეის სხდომა საქართველოში იმართება და ჩვენს ქვეყანაში ამ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, თბილისში გამართული სხდომებით მთავრდება საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს თავმჯდომარეობა, რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და არც თუ ურიგოდ. მისი აზრით, საპარლამენტო ასამბლეა ამ პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა და ეს შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების მეთაურთა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზეც აღინიშნა.
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, გასული ექვსი თვის განმავლობაში საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობა, ძირითადად, იქით იყო მიმართული, რომ რაც შეიძლება მეტად განმტკიცებულიყო და გაფართოებულიყო მისი როლი ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში.
"მიმაჩნია, რომ საპარლამენტო ასამბლეას დიდი როლის შესრულება შეუძლია ორგანიზაციის მუშაობაში და ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, მით უფრო, რომ ეს ორგანიზაცია იმ არეალს მოიცავს, სადაც თითქმის 300 მილიონი ადამიანი ცხოვრობს", განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, ყურადსაღები ფაქტია, რომ ორგანიზაციის ქვეყნებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ აზერბაიჯანიდან ენერგომატარებლების ევროპისკენ ტრანსპორტირებაში.
ნინო ბურჯანაძემ ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა იმაზე, რომ შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას თავისი წვლილის შეტანა შეუძლია რეგიონში არსებული კონფლიქტების გადაჭრაში.
"ვფიქრობ, ის მიდგომა, რომ შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაა და კონფლიქტების გადაჭრაში ამიტომ არ მონაწილეობს, არასწორია. მიმაჩნია, რომ იგი მეტად უნდა გააქტიურდეს და მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობით არ უნდა შემოიფარგლოს. კონფლიქტების არსებობის შემთხვევაში, შეუძლებელია ვილაპარაკოთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებასა და ქვეყნებს შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარებაზე", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
თბილისში გამართული სხდომების შემდეგ, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობა საბერძნეთის ხელში გადავა. ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში შენარჩუნდება მემკვიდრეობითობა და გასული ექვსი თვის განმავლობაში გაჩენილ ბევრ იდეას ხორცი შეესხმება. ერთი მათგანია შავი ზღვის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტი, რომლის ინიციატივაც თავად ნინო ბურჯანაძეს ეკუთვნის. ამ სამიტს მომავალ წელს საბერძნეთი უმასპინძლებს.
დღესვე გაიმართა საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი და კულტურის, განათლების და სოციალურ საკითხთა კომიტეტების სხდომები.
შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 30-ე გენერალური ასამბლეის სხდომა მუშაობას ხვალ, 11 დეკემბერს 10.00 საათზე შეუდგება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური