Google+

რელიზები

14.12.2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

„ძალიან მიხარია, როდესაც ამდენ მოტივირებულ სტუდენტს ვხედავ, ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარი ცოდნის წყალობით, წარმატებით ჩააბარეს მართლაც ობიექტურად ჩატარებული გამოცდები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე. „ჩვენი თაობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გქონდეთ შესაბამისი პირობები, რათა ამ კედლებში შეძენილი ცოდნა ნაყოფიერად გამოიყენოთ, მოახდინოთ თქვენი შესაძლებლობების რეალიზაცია და აქტიური როლი შეასრულოთ ჩვენი სახლემწიფოს დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში".

შეხვედრაზე სტუდენტურ სესხებთან, სტუდენტურ დასაქმებასთან და სტიპენდიებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. იმსჯელეს განათლების რეფორმის ეფექტურობაზე და მის შედეგებზე.

ნინო ბურჯანაძე სტუდენტებს ქვეყანაში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ესაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის.

სტუდენტები საქართველოს სახელმწიფო წყობასთან და მმართველობის მოდელთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესდნენ და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს.

„საპრეზიდენტო მოდელი საქართველოსთვის დღეს ყველაზე მართებულად მიმაჩნია. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, თუმცა ეს ორ-სამ წელიწადში არ ხდება. ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და დარწმუნებული ვარ, შემდგომში სწორი ნაბიჯები იქნება გადადგმული", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების შესახებ ისაუბრეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ცოტა ხნით მოგიწევთ იმის თქმა, რომ აფხაზეთიდან დევნილები ხართ და მჯერა, რომ თქვენ და თქვენი თაობა ჩატეხილი ხიდის აღდგენას შეძლებს", - მიმართა ნინო ბურჯანაძემ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სტუდენტებს სახელმწიფოს საგარეო პრიორიტეტებზე ესაუბრა, მიმოიხილა არსებული ურთიერთობები საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის და მათთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე იმსჯელა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)